19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ევროკავშირმა მიგრაციის კანონმდებლობის გადახედვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია
By

ევროკავშირმა მიგრაციის კანონმდებლობის გადახედვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის შინასი ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა მიგრაციის კანონმდებლობის გადახედვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
რეფორმა მიგრანტების სწრაფ შემოწმებას, საზღვრებზე დროებითი დაკავების ცენტრების შექმნას, დაჩქარებულ დეპორტაციას და სამხრეთ ევროპის ქვეყნებზე მიგრანტების ზეწოლის შემცირებას ითვალისწინებს.
„აქამდე გრძელი გზა გავიარეთ, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. საბოლოოდ, ევროპა მიგრაციის შესახებ დაპირებებს ასრულებს“, – განაცხადა შინასმა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, „მიგრაცია საერთო ევროპული გამოწვევაა, რომ იგი ერთად ვმართოთ“.
შეთანხმებას მიაღწიეს იმაშიც, რომ გადაიხედება მიგრაციის ხუთი ძირეული რეგულაცია, რაც საფუძვლიანად შეცვლის საკანონმდებლო ბაზას თავშესაფრისა და მიგრაციის შესახებ.
„ევროკავშირი ასრულებს დაპირებას თავშესაფრისა და მიგრაციის სისტემის გაუმჯობესების შესახებ. ევროკავშირის მოქალაქეებს სურთ, რომ მათმა მთავრობებმა მოაგვარონ მიგრაციის გამოწვევები. დღეს ეს არის დიდი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ეს რეფორმა ამ თავსატეხის გადაწყვეტისთვის უმნიშვნელოვანესია. ევროკავშირი ერთგულად გააგრძელებს მიგრაციის ძირეული გამოწვევების მოგვარებასა და მიგრაციის წარმომშობ თუ ტრანზიტულ ქვეყნებთან თანამშრომლობას”, – აცხადებს ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესი.
ხუთი რეგულაცია, რომელზეც პარლამენტი და ევროსაბჭო შეთანხმდნენ, თავშესაფრისა და მიგრაციის ყველა ეტაპს შეეხება, მათ შორის: ევროკავშირში ჩასული არალეგალური მიგრანტების სკრინინგს, ბიომეტრიული მონაცემების აღებას, თავშესაფრის განცხადებების მიღებასა და განხილვის პროცედურას, ასევე, კრიზისული სიტუაციების მოგვარების წესსა და რეგულაციას, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ქვეყანა მიიღებს თავშესაფრის მაძიებლებს.
როგორც ევროსაბჭოს ვებგვერდზეა აღნიშნული, დამტკიცების შემთხვევაში,  მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი სისტემა ბევრად უფრო ეფექტური, მოქნილი და ჩქარი იქნება. მიგრაციის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

  • No Comments
  • დეკემბერი 20, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *