
დონალდ ტრამპი: ნატოში ვაგზავნით შეიარაღებას, რომელსაც ნატო უკრაინას გადასცემს
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვას გეგმავს და მათ პირობასაც უყენებს, რომ შემდეგ ამ იარაღს ისინი უკრაინას გადასცემენ. მედიის მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ტრამპის მხრიდან
მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებაა, რადგან ის სულ უფრო იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით.
როგორც ამერიკის პრეზიდენტმა მედიასთან განმარტა, ამერიკული შეიარაღების თანხას სრულად გადაიხდის ალიანსი.
„ნატო 100%-ით აფინანსებს ამ იარაღს. რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ვაგზავნით შეიარაღებას ნატოში და შემდეგ ნატო ამ იარაღს უკრაინას გადასცემს. ალიანსი ამ შეიარაღების სრულ ღირებულებას აანაზღაურებს. ვაგზავნით „პეტრიოტებს“ ნატოში, შემდეგ ნატო მათ გაანაწილებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ მომდევნო კვირას რუსეთთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.
„იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე კვირაში. ვფიქრობ, ორშაბათს მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ რუსეთის შესახებ“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.