
დონალდ ტრამპი – მსურს, ირანთან ბირთვულ პრობლემას რეალური დასასრული ჰქონდეს – ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას
მსურს, ირანთან ბირთვულ პრობლემას რეალური დასასრული ჰქონდეს, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადის დატოვების შემდეგ საპრეზიდენტო თვითმფრინავში.
„არ მითქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მოლოდინი მქონდა. რეალური დასასრულის მიღწევა მსურს და ირანმა ბირთვულ იარაღზე უარი უნდა თქვას“, – თქვა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების ტემპს არ შეანელებს.
„მომდევნო ორი დღის განმავლობაში თქვენ ამის შესახებ გაიგებთ. ჯერჯერობით არავინ შენელებულა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რას ფიქრობს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის მიერ გაკეთებულ განაცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ირანი ბირთვულ იარაღზე არ მუშაობს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი „ბირთვულ იარაღთან ძალიან ახლოს არის“.