დოკუმენტი საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს
By

დოკუმენტი საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარუდგინა. მისი განცხადებით, დოკუმენტი საბოლოო სახეს საჯარო განხილვების შემდეგ მიიღებს.

პრეზენტაციის დასაწყისში მინისტრმა გამოყო ის 8 ძირითადი გამოწვევა, რომლებიც დღეს ზოგად განათლებაში არსებობს: საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი; სასწავლო რესურსები; სასკოლო ცხოვრება; საფეხურებს შორის ურთიერთკავშირი; მასწავლებელთა კვალიფიკაცია; სასწავლო გარემო; ინკლუზიურობა; მართვისა და დაფინანსების სისტემა. ამ გამოწვევების საფუძველზე განისაზღვრა რეფორმის მთავარი ამოცანები.

მისივე თქმით, „საგანმანათლებლო სისტემა კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას და საჭიროა თითოეული მოსწავლის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, კონკურენტუნარიან მოქალაქედ აღზრდა“. მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ მიზნებით არის განსაზღვრული ამოცანები, რომლებიც მოიცავს ფუნდამენტურ ცოდნაზე დაფუძნებულ სასწავლო შინაარსს, განახლებადი საგანმანათლებლო რესურსების სისტემას, მრავალფეროვანი სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას და საფეხურებს შორის კავშირების გაძლიერებას.

გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პედაგოგთა პროფესიულ განვითარებასა და მხარდაჭერის გაძლიერებაზე, თანამედროვე და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნაზე, ასევე, მოქნილი მართვისა და დაფინანსების მექანიზმების დანერგვაზე.

განათლების უწყვეტობის თემაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ იზრდება ტრანზიცია განათლების სხვადასხვა საფეხურს შორის. ბავშვების სოციო-ემოციური მზაობიდან გამომდინარე, სკოლაში შესვლის ასაკი განისაზღვრება 6 წლით – პირველ კლასში მომავალში ჩაირიცხებიან მხოლოდ ის ბავშვები, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

მიქანაძემ ასევე განმარტა საშუალო საფეხურის რეფორმის მიმართულებები:
X-XI კლასები გახდება პროფილური, ხოლო მე-11 კლასი სრულად იქცევა რეპეტიტორიუმად და მოსამზადებელ ეტაპად უმაღლეს განათლებაზე გადასვლისთვის. 11-კლასიანი მოდელი შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც ამჟამად IX კლასში სწავლობენ – მათი პირველი გამოშვება 2028 წელს იქნება. საჯარო სკოლებში XII კლასი დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოზარდებისთვის, ვისაც დამატებითი აკადემიური ცოდნის მიღება სურს.

მინისტრის თქმით, საკლასო დატვირთვის შემცირება მასწავლებელთა ანაზღაურებას არ შეამცირებს – მათი ჩართულობა დამატებით საგანმანათლებლო აქტივობებში იქნება უზრუნველყოფილი.

რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმა სავალდებულო გახდება.

გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ სკოლის მართვისა და დაფინანსების მოქნილი მექანიზმები პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ითამაშებს საგანმანათლებლო რესურსცენტრების ინსტიტუციური გაძლიერება, ხოლო გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშობელთა ჩართულობას.

  • No Comments
  • დეკემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *