დემონტაჟი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ბულვარში სანაპირო ზოლზე მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის – „პორტოდესსა“ დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ უნებართვო შენობის დემონტაჟის პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
„შპს ,,რესტასთან” 2017 წლის მაისში გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება და სარგებლობაში გადაეცა 1386 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების პირობად განისაზღვრა მიწის ნაკვეთზე კვებისა და გასართობი მსუბუქი კონსტრუქციის ობიექტის განთავსება , ხოლო ვადის გასვლის შემდეგ, ობიექტის დაშლა და მიწის ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
მითითებული ხელშეკრულების ვადა გავიდა 2019 წლის ოქტომბერში. პანდემიის გამო, მეორე ხელშეკრულება გაფორმდა 2020 წლის 01 ნოემბრამდე. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, კომპანიამ არ გამოათავისუფლა ტერიტორია. ამ ეტაპზე აღნიშნული კაფე-ბარი სამშენებლო ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა.
ქონების გამოთავისუფლებისა და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების, ასევე, ქონების დაყოვნებასთან დაკავშირებით, ბულვარის ადმინისტრაციის მიერ სასამართლოში სარჩელი აღიძრა. დღეის მდგომარეობით, შპს „რესტას“ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის 268 145.60 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო აქვს დაკისრებული. ასევე, კომპანიამ დაარღვია ობიექტის განთავსებისა და დემონტაჟის დაკისრებული ვალდებულება, რის გამოც, პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 49 073.75 ლარი.
სასამართლოში შპს ,,რესტაზე” დაკისრებული საკითხის განხილვა გრძელდება. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია და ბათუმის მერიის მუნიციპალური სამსახური მოქმედებს კანონის ფარგლებში, სასამართლოში მიმდინარე დავა არ ზღუდავს უნებართვო შენობის დემონტაჟის პროცესს“, წერია – უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.