
დარბაზის სტუმარი – ანსამბლ „ჭვანას“ ხელმძღვანელი
2015 წელს ხაბელაშვილებელი ტარიელ ბოლქვაძის ინიციატივითა და შუახევის მუნიციპალიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, შუახევის კულტურის ცენტრთან ავთენტური ანსამბლი „ჭვანა“ ჩამოყალიბდა.
– ეს იყო ჭვანის ხეობასა და აჭარის მთიანეთში შემონახული ფოლკლორის მოძიება: ძებნა-გაცოცხლების, ცალკეულ პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის, უცხოეთში ქართული ხელოვნებისა და ეროვნული ადათ- წესების გატანის წლები, – ამბობს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ტარიელ ბოლქვაძე.
სხვა რომ არაფერი, საამაყოდ ისიც საკმარისია, რომ პროექტით ,,ერთი ხეობის ფოლკლორი“ ,,ჭვანის“ ხელოვნებას და ხეობის ეთნოგრაფიას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორისა და ბათუმის მუსიკალურ ცენტრში თბილისელი და ბათუმელი მაყურებელი გაეცნო და აღფრთოვანებაც ვერ დამალა. ,,ჭვანა“ იყო ტელეპროექტ ,,ნიჭიერის“ ფინალისტი. წელსაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეპროექტ „ხალხურის“ ფინალამდე მიაღწია და ჟიურიმ მისი რეპერტუარი დადებითად შეაფასა. ,,ჭვანამ“ ქართული ფოლკლორის ავთენტურ ნიმუშებს უცხოელი მაყურებელიც აზიარა.
საინტერესოდ და შინაარსიანად წარადგინა ანსამბლი „ჭვანა“ და მისი ხელძღვანელი დამსწრეთა წინაშე საზოგადოებრივ- რუდუნებითი დარბაზის „წუთისოფელი ასეა“ ხელმძღვანელმა, პუბლიცისტმა, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრმა ოთარ ცინარიძემ.
მონაწილეებმა ნახეს ის ვიდეორგოლი, რომლითაც ანსამბლი ,,ჭვანა ტელექროექტ“ ,,ხალხურის“ ჟიურისა და მაყურებლის წინაშე წარსდგა. ანსამბლის წევრთა შორის ერთი ქალბატონია. იამზე ტაკიძის სიმღერები, შაირები, თუნდაც სიმღერებში ჩართული ცეკვები, ყველას მოწონებას იმსახურებს. ,,განდაგანას“ უბადლო შემსრულებლის მუხამედ ართმელაძის ილეთებს. ახალი შემატა ბრილელმა ზურაბ ბოლქვაძემ. ძმები ტარიელ და ავთანდილ ბოლქვაძეები ჭვანის ხეობაში შემონახული ცნობილი ხელოვანების დანატოვარის გამგრძელებლებად გვევლინებიან. ოთხი თაობის ხელოვანებს შორისაა ტარიელის შვილი 10 წლის ლაშა ბოლქვაძე.
– შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები თბილისში გამართულ საყოველთაო შეკრებაზე ვიმყოფებოდით, – თქვა საზოგადოებრივ-რუდუნებითი დარბაზის სტუმარმა ტარიელ ბოლქვაძემ. – სვანეთში მცხოვრებმა გვარად ხაბელაშვილებმა 50-ზე მეტი ადამიანი სოფელში მიგვიპატიჟეს. ის სითბო და სიყვარული, რაც სვანეთში დაგვახვედრეს, დღემდე დაუვიწყარია. თანამოძმეებს ხაბელაშვილებშიც მრავალჯერ ვუმასპინძლეთ. „ხალხურის“ ფინალში გასვლა პირველი სვანეთმა მოგვილოცა.
ანსამბლი „ჭვანა“ თავდაპირველად, 10-მდე წევრით იყო წარმოდგენილი, ახლა რაოდენობა თითქმის ორჯერაა გაზრდილი, ოთხი თაობის ადამიანები აცოცხლებენ და ამდიდრებენ მის რეპერტუარს. უხუცესი ნოდარ ქარცივაძე 80 წელსაა გადაცილებული,
რეპერტუარის მნიშვნელობაზე, ანსამბლის მომავალ საქმიანობაზე ისაუბრეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, რომელმაც „ჭვანას“ მიერ შესრულებულ „ხორუმშიც“ ჩაერთო, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, მწერალმა, შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ვახტანგ გოგრაჭაძემ.
– 8 წელზე მეტია სამსახურებრივი ურთიერთობა მაკავშირებს ტარიელ ბოლქვაძესა და ანსამბლის სხვა წევრებთან. სიხარულის და სიამაყის გრძნობა მეუფლება, როცა ეკრანსა თუ დარბაზში, სახალხო დღესასწაულებზე „ჭვანას“ გამოსვლას ვუყურებ. მისი რეპერტუარი ის საუნჯეა, რომელიც თაობიდან თაობას უნდა გადაეცეს ავთენტურობის შენარჩუნებით, – თქვა ფრიდონ ფუტკარაძემ.
ტარიელ ბოლქვაძის საქმიანობა მარტო ანსამბლის ჩამოყალიბებითა და ხელმძღვანელობით არ შემოიფარგლება. მისი ინიციატივით, ხაბელაშვილების კულტურის სახლის ბაზაზე ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსდა. ის 500-ზე მეტი ექსპონატი, რომელიც ახლა მუზეუმშია, ტარიელის მიერაა შეგროვებული.
დღეს დარბაზის ,,წუთისოფელი ასეა“ ხელმძღვანელმა ოთარ ცინარიძემ, ანსამბლ „ჭვანაზე“, ჭვანის ხეობასა და ამ ხეობის მკვიდრთა საქმიანობაზე საინტერესო ინფორმაციები მოგვაწოდა. მადლობა მას ასეთი გარჯისთვის, – თქვა შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორმა მაია დავითაძემ.
გალერეა

