გიორგი მასალკინი: თანამედროვე პოლიტიკა გახდა უფრო პრაგმატული და მსოფლიოს აჩვენა თავისი ნამდვილი სახე
By

გიორგი მასალკინი: თანამედროვე პოლიტიკა გახდა უფრო პრაგმატული და მსოფლიოს აჩვენა თავისი ნამდვილი სახე

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მასალკინი საკრებულოს წევრი გახდა „გირჩიდან“. რის გაკეთებას აპირებს ბათუმის საკრებულოში და როგორ აფასებს განათლების მასშტაბურ რეფორმას, ამაზე საუბრობს ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი „აჭარასთან“ ინტერვიუში.

– ბატონო გიორგი, საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდით პოლიტიკაში, ისევ დეპუტატი ხართ, როგორ გრძნობთ თავს მივიწყებულ ამპლუაში?

– სოციალურად ყოველთვის ვიყავი აქტიური და სულ მაინტერესებდა, რა ხდებოდა ბათუმის საკრებულოში. აღმოჩნდა, რომ საკანონმდებლო საქმიანობა აჭარის უმაღლეს საბჭოში უფრო მარტივია, ვიდრე ქალაქში, ვინაიდან მოძრავი, მზარდი, ცოცხალი ორგანიზმია. თანაც, ბათუმის ბიუჯეტი ლამის 570 მილიონია, საქართველოში მეორეა მოცულობით, რაც ჩემთვის სერიოზული, საინტერესო გამოწვევა გახდა. ჯერჯერობით მხოლოდ ვეცნობი ამ რთულ სტრუქტურას, რასაც წარმოადგენს ბათუმი, მისი მეურნეობა, კულტურული და სოციალური ცხოვრება და სხვა სფეროები, რომლებზეც უნდა გადანაწილდეს ამოდენა თანხები. არ ყოფილა მარტივი საქმე, მაგრამ კარგი გამოცდილება იქნება ჩემთვის.

– რომელ კომისიებში ხართ?

– პირველი კომისიაა განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის, ხოლო მეორე – ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა. ძალიან მაინტერესებდა ინფრასტრუქტურაც, მაგრამ ყველა კომისიაში ვერ მოხვდები. სულ სამი ვართ ოპოზიციური ფლანგიდან, მე – „გირჩიდან“ და „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები.

– თუ მოქმედებს უფასო სასადილოები ქალაქში?

– კი, არის, ბიუჯეტი არ შემცირებულა არც მათთვის.

– ყველაზე მეტად ბათუმში არსებულ რომელ პრობლემებზე გაამახვილებდით ყურადღებას?

– მე ბათუმელი ვარ, არ ვფლობ ავტომანქანას და როგორც სხვა რიგითი ბათუმელები ფეხით გადავადგილდები, აქედან გამომდინარე, კარგად ვიცი, რა სახის პრობლემები აწუხებს ქალაქს. მაინტერესებს ეკოლოგია დაწყებული ნაგავსაყრელით, ზღვის სისუფთავით, წყლის ხარისხით, ჰაერის დაბინძურებით და სხვ. ასევე, მინდა გავერკვე მოუწესრიგებელ მოძრაობაშიც – საცობები და ა.შ. როგორც ვფიქრობდი, აქ საქმე, მართლაც, რთულადაა. ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

ნაგავსაყრელი 2026 წელს ნაწილობრივ დაიხურება. ჩატარდება სამუშაოები. ისევ აქტუალურია ახალ ადგილზე ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხი.

– ჩაქვში ხომ აპირებდნენ ამ ქარხნის აშენებას?

– კი, აპირებდნენ, მაგრამ დამატებითი კვლევების ჩატარება დასჭირდათ, როგორც ვიცი.

– რაც შეეხება საცობებს?

– ეს პრობლემა დიდმა ქალაქებმა ვერ მოაგვარეს. ჩვენთან ბათუმში საკმაოდ სპეციფიკური სიტუაციაა. ქალაქი თან პატარაა, თან მზარდი. ტურისტული დატვირთვა აქვს, ბევრი ჩამოდის აქ საცხოვრებლად. ერთბაშად იმატა მოსახლეობის რიცხვმა. ბევრ ოჯახს ორი-სამი მანქანა ჰყავს, ქუჩები ვიწროა და ფართიც არ არის ახალი მაგისტრალების გასაყვანად, აქეთ ზღვაა, იქით – მთები. ამას ემატება უზარმაზარი კორპუსები პარკინგების გარეშე და უკვე მართლა სერიოზული პრობლემა იქმნება. ახლა უკვე აიკრძალა მაღლივი შენობების აშენება, მანქანების სადგომების გარეშე, მაგრამ რაც აშენდა იმას ვეღარაფერს მოუხერხებ. ზაფხულში ამ კუთხით სრული კოლაფსია. მოკლედ რომ ვთქვათ, ქალაქი ამ მხრივ სერიოზული პრობლემების წინაშეა. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება არ მუშაობს ამ საკითხებზე, მუშაობს, მაგრამ ჯერ არ ჩანს გამოსავალი, რომელიც რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას უკეთესობისკენ. არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მეც და ბევრ ბათუმელს აწუხებს – მიუსაფარი ძაღლები. ცენტრში კიდევ არა უშავს, მაგრამ გარეუბნებში ძალიან ცუდი ვითარებაა. როგორც კი მობნელდება, ბავშვებს ვეღარ უშვებენ გარეთ. ძაღლები ძალიან მიყვარს, არასოდეს მშინებია მათი, მაგრამ დღეს, როდესაც ვხედავ უსახლკარო ცხოველებს, განვიცდი შიშს, ვცდილობ, გვერდი ავუარო, რადგან სამი წლის განმავლობაში უკვე ორჯერ დამკბინეს, ორჯერ გავიკეთე აცრა.

– არის რაიმე ძვრა ამ კუთხით? მართლაც დიდი პრობლემაა . . .

– კი, დიდი თავშესაფრის ტენდერი იყო გამოცხადებული, მაგრამ ჩავარდა და ახალი ტენდერის გამოცხადება გახდა საჭირო. თავშესაფარი აჭარის მასშტაბით უნდა აშენდეს, რაც საკმაოდ დიდი ტერიტორიის შემოსაზღვრას გულისხმობს. ასევე, დიდ მასშტაბებზე უნდა გავიდეს უსახლკარო ცხოველების სტერილიზაცია და დანომვრა, რაც ისევ და ისევ თანხებს და სპეციალისტების მეტ რაოდენობას ითხოვს.

– ადრე უფრო აქტიურად განიხილებოდა ეს თემა, ამ ბოლო დროს კი თითქოს იკლო ენთუზიაზმმა. საუბარი იყო ქობულეთში, ტყეში ძაღლების დიდ თავშესაფარზე . . .

– კი, გრძელდება ამ მხრივ მუშაობა, ტენდერი გამოცხადებულია და 2026 წელს დაგვპირდნენ, რომ ყველაფერი მოგვარდება. უკვე სერიოზულად დადგა ეს საკითხი, რადგან ბათუმის ანტირაბიოლოგიურ კაბინეტს ყოველ დღე ათობით ადამიანი აკითხავს. თანაც საფრთხესთან ერთად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტურისტული ქალაქისთვის, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელია ცხოველების ექსკრემენტებით სავსე ქუჩები თუ პარკები.

– ეს პრობლემა მხოლოდ უსახლკარო ცხოველების გამო არ იქმნება, შინაური ძაღლების ექსკრემენტებსაც არ ალაგებენ მათი პატრონები და სკვერები ტუალეტებად აქვთ ქცეული. თუკი მერია ჯარიმებს დააწესებს, დარწმუნებული ვარ, ყველა იკადრებს მოწესრიგებას . . . აქვე მინდა ვთქვათ, ზაფხულობით ქალაქში არსებულ ატმოსფერულ დაბინძურებაზეც…

– ამისთვის ქალაქგარეთ პარკინგების მოწყობაზე საუბრობენ, რომ დამსვენებლები არ შემოუშვან ქალაქში მანქანებით. რა თქმა უნდა, შეღავათი იქნება, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი, რა და როგორ… სხვათა შორის, ამ ხერხს ბევრი ტურისტული ქალაქი მიმართავს უცხოეთში და საკმაოდ კარგ შედეგებსაც იღებენ.

 – მოკლედ რომ ვთქვათ, უკვე აქტიურად ხართ ჩართული საკრებულოს მუშაობაში . . .

– რა თქმა უნდა, აბა, ტყუილად ხომ არ გავჩერდები… ერთიც მინდა ვთქვა, წინა მოწვევის 35-კაციან საკრებულოში 17 ოპოზიციონერი წევრი იყო დღეს, 25-იანში, მხოლოდ სამნი ვართ ოპოზიციური ფლანგიდან. ადრე იმართებოდა დებატები, შეხლა-შემოხლა. ყოველთვის – არა, მაგრამ ხანდახან, მართლაც, კამათში იბადება ჭეშმარიტება, ახლა კი ვერაფერს ვწყვეტთ. ძალიან მარტივად გადის ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილება.

– მაშინ თქვენ რა ფუნქცია გეკისრებათ?

– ჩვენ ვართ ყველა საქმის კურსში და შეგვიძლია გარეთ გამოვიტანოთ ინფორმაცია, თუ რა სახის საკითხებს განიხილავს, როგორ და რა გზებით აპირებს მერია ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრას და რა უნდა მოითხოვოს ქალაქმა მის მიერვე არჩეული საკრებულოსგან, ანუ მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციული დატვირთვა გვრჩება, რადგან სამკაციანი ფლანგი ვერ იქნება ძალიან ქმედითი.

– რაც შეეხება განათლების რეფორმას, რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები საკმაოდ შეშფოთებულნი არიან, არ იციან, რა ელით ხვალ. . .

– ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ ვითარება, ვიტყვი, არის გაურკვევლობა. აკადემიური პერსონალიდან იმათ რიცხვს მივეკუთვნები, რომელიც ფიქრობს, რომ რეფორმა არათუ ჩასატარებელია, დაგვიანებულიც კი არის. რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არ არის განათლების სისტემა. აქ ვგულისხმობ სკოლებსაც და უმაღლესებსაც. აუცილებელია კარდინალური ცვლილებები, თუ გვინდა გავიდეთ შრომის საერთაშორისო ბაზარზე, სადაც ყველაზე კარგად იყიდება ინტელექტი, ნოვაცია და ახალი იდეები.

– ანუ ხელისუფლებისა და თქვენი შეხედულებები ემთხვევა?

– ამ შემთხვევაში – კი, მაგრამ ამ ხელისუფლების აქილევსის ქუსლი არის პიარი და განმარტებები. ყველამ უნდა იცოდეს, რას, როდის, როგორ აპირებ. ბევრია საკითხი, რომელზეც პასუხები ან არ არის, ან ძალიან ბუნდოვანია. იმედი მაქვს, გაითვალისწინებენ, რომ ჩვენ ვართ რეგიონული უნივერსიტეტი, რომელზეც გარდა აჭარისა, მიბმულია გურია და სამეგრელო. მოკლედ, საჭიროა მეტი ინფორმაცია.

– როგორ ფიქრობთ, ეშველება ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას ამ რეფორმით?

– არსებულ სიტუაციას ნებისმიერი რეფორმა აჯობებს, თუ ოდიოზური რამ არ გაკეთდა… ჩემი აზრით, განათლების სისტემა უნდა იყოს ელიტარული. აქ არ ვგულისხმობ ფინანსებს და შეძლებულ ოჯახებს, უბრალოდ, უნივერსიტეტში უნდა ისწავლონ გამორჩეულებმა, ვისაც მართლა აინტერესებს სწავლა და აქვთ ამისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, ყველაფერი კი სკოლიდან უნდა დაიწყოს. იქ, სადაც არ ფასობს ატესტატი, ხარისხს ვერ მიიღებ. დამიჯერეთ, სკოლაშიც არაფერი საშინელი არ მოხდება, თუკი მშობელს ეცოდინება, რომ მისი შვილის მომავალი მისივე სწავლაზე იქნება დამოკიდებული. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში სავალდებულო სწავლება 9-10 კლასია. ვისაც გაგრძელება უნდა, გადადის შემდეგ საფეხურზე, ასეთი 15-20 პროცენტია. უნივერსიტეტებში უნდა სწავლობდნენ მოტივირებული სტუდენტები. დასავლეთში უმაღლესის დიპლომს არ ითხოვენ ბევრ სამსახურში. ჩვენთან პირიქითაა პროცენტულობა, მაღაზიაში მოლარეს და კონსულტანტსაც კი არჩევენ დიპლომებით. 10 წლის წინ ვწერდი, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უნდა იყოს უფასო. როდესაც სათანადო ხელფასი მექნება, არ გავაჩერებ სტუდენტს, რომელიც არ სწავლობს. ახლა კი დაფინანსება ხდება სტუდენტების მიერ შემოტანილი თანხებით, ანუ მე დაინტერესებული ვარ, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მყავდეს. თუ ბევრს გავუშვებ – დავრჩები უხელფასოდ. სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს შრომის ბაზარი, დაადგინოს რამდენი ქიმიკოსი თუ იურისტი დასჭირდება უახლოეს პერიოდში და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს გრანტები უნივერსიტეტებს და შეუკვეთოს კონკრეტული რაოდენობის სპეციალისტი. ასე ხდება გერმანიაში. იქაური მთავრობა მილიონებს ხარჯავს შრომის ბაზრის შესწავლაში და შემდეგ სთავაზობს უნივერსიტეტებს სტუდენტების მომზადებას. ჩვენთან კი სრული ქაოსია.

– მსოფლიო პოლიტიკა და მასში საქართველოს ადგილი . . .

– ერთ-ერთ სტატიაში წავიკითხე, რომ შესაძლებლობების წელი დადგა. ჩვენ ვიცით – მსოფლიო წესრიგი იცვლება და ისიც ვიცით, ვინ ცვლის, ძლიერნი ამასოფლისანი. ჩვენ – პატარა ქვეყანამ – უნდა შევეცადოთ, არათუ გაგვსრისონ, პოზიტივიც კი მოვიპოვოთ ამ გადალაგება-გადანაწილებაში. დრამატულად იცვლება სიტუაცია. ვაღიაროთ, რომ სამყარო ყოველთვის იყო დამოკიდებული ძალაზე და არა საღ აზრსა თუ დემოკრატიულ პრინციპებზე. მსოფლიოს დღეს მართავს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული 5 ქვეყანა, რომელიც ოფიციალურად ფლობს ბირთვულ იარაღს . . . ესენი არიან გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები – აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და ინგლისი, თავისი ვეტოს უფლებით. მორჩა, იქ ხმას ვერ ამოიღებენ გერმანია, იაპონია, ბრაზილია თუ ინდოეთი. თანამედროვე პოლიტიკა გახდა უფრო პრაგმატული და მსოფლიოს აჩვენა თავისი ნამდვილი სახე. თამაშის წესები, პრაქტიკულად, აღარ არსებობს და ჩვენ, როგორც პატარა თევზს დიდ აკვარიუმში, გვმართებს მეტი სიფრთხილე, უნდა ჩამოვაყალიბოთ სტრატეგიული ხედვები და მკაცრად მივყვეთ მას, რომ არ დავზარალდეთ, არ ჩავიკარგოთ გლობალურ ორომტრიალში. ახალს არაფერს ვამბობ, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ გონივრულად უნდა ვაწარმოოთ შიდა პოლიტიკა, რომ არ ვიყოთ სხვებზე დამოკიდებული. ასევე, უნდა გამოვძებნოთ საკუთარი ნიშა, რათა რაღაცისთვის მაინც დავჭირდეთ გარე სამყაროს: თუნდაც გავიყვანოთ ის დერეფანი, ან გავხდეთ დემოკრატიის შუქურა, ან რაღაც ექსპერიმენტის მონაწილე თუ სხვა. აზიიდან ევროპამდე გზა რომ შენდება, ჩვენ ხომ არ ვაშენებთ ჩვენი ინიციატივით, გასაგებია, რომ გარე ქვეყნები დაინტერესდნენ ამ დერეფნით, მაგრამ ეს დღეს გვაქვს და ხვალ შეიძლება არ გვქონდეს, რადგან, რომ მოისურვოს, აზერბაიჯანი გაიყვანს გზას ნახიჩევანამდე და იქიდან უკვე თურქეთს დაუკავშირდება, ანუ აზერბაიჯანი თავისუფლად ჩაგანაცვლებს. ამიტომ, მხოლოდ დერეფნის იმედად ვერ დავრჩებით, თავად უნდა ვიზრუნოთ, ეკონომიკურად დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო რომ გავხდეთ.

– ეკონომიკურად როგორ გავძლიერდებით, თუ ეს დერეფანი არ ამოქმედდა?

– ამაშია საქმე, ამაზეც უნდა იზრუნო, ანაკლიის პორტიც ააშენო და აღჭურვო თანამედროვე ტექნოლოგიებით, ან თბილისი გახადო საავიაციო ჰაბი, ან ტურიზმიც განავითარო და სოფლის მეურნეობაც, რომ ის ტურისტები გამოკვებო, მაგრამ ტურიზმზე რომ ვსაუბრობთ, ისევ და ისევ ბათუმის ნაგავსაყრელი, ინფრასტრუქტურა და უსახლკარო ძაღლები გახსენდება. ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში… რომ ჩავა უცხოელი ზღვაში საბანაოდ და გვერდით ნაგავი ამოუტივტივდება, აღარ გაგიჩერდება, გადავა თურქეთში, სადაც კამკამა ზღვა, გაცილებით ნაკლები ფასები და მაღალი სტანდარტების სერვისია… ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, რომელთანაც ყველას უნდა მეგობრობა, მართალია, შვეიცარია ვერ გავხდებით, მაგრამ რაღაც დონეზე ხომ შეიძლება მივუახლოვდეთ?

– არადა, გვაქვს პოტენციალი . . .

– კი ბატონო, გეოგრაფია, ისტორია, კლიმატი… ყველაფერი გვიწყობს ხელს.

– ხელს გვიშლის საზოგადოებაში არსებული დაპირისპირება, არა მხოლოდ პოლიტიკურ, სოციალურ ჭრილშიც. თითქოს ყველა ჩასაფრებულია და ელის მომენტს, ვის როგორ დაესხას თავს, მწარე სიტყვა უთხრას . . .

– დიახ, ასეა, სამწუხაროდ. ისიც ითქვა, „ფეისბუქმა“ ერთი რამ კარგი გააკეთა – ყველას დაანახა, ვინ რას წარმოადგენს და რა დონის არისო. ალბათ მართლაც დიდი გამოწვევის წინაშე უნდა აღმოჩნდეს საქართველო, რომ მხარეები გაერთიანდნენ და საკუთარზე მაღლა სახელწიფო ინეტერესები დააყენონ.

 

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • იანვარი 14, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *