
გიორგი ბოტკოველი : „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ადგილობრივი არჩევნები არ შედგეს
„სამწუხაროდ, დღეს „ლელო“ აღმოჩნდა პირდაპირი თანამშრომლობის რეჟიმში ივანიშვილთან,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ბოტკოველი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით „ლელოს“ გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს.
„დაპირისპირება არაა, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია და ჩვენი მყარი შეფასება. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, ენის მოჩლექის დრო ნამდვილად აღარ არის ახლა. რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის და ის, რომ ჩვენ „ლელოს“ მხრიდან ვიღებთ განცხადებებს, რომ თურმე 4-5 დღეში გაივლის ეს ყველაფერი და მერე ისინი ტკბილად, რბილად შებრძანდებიან საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა, ეს ასე ვერ იქნება. ქართველი ხალხის პოზიცია, ადგილებზე ჩვენ ამომრჩევლის პოზიცია ძალიან კარგად ვიცით და ასევე ვიცით მათ აქტივი სადაც ჰყავთ, მათი წარმომადგენლების პოზიცია. სამწუხაროდ, მათ გადადგეს ეს ნაბიჯი ისე, რომ თუნდაც არ ჰკითხეს საკუთარ შემადგენლობას და ჩვენ ვნახეთ განსხვავებული პოზიციები, იმავე საბა ბუაძესი, იმავე ანა ნაცვლიშვილის, თეონა დოლენჯაშვილის და დეასი. ძალიან ბევრია ასეთი. ცალკეული განცხადებები ვრცელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ამას, ეს არის, პირველ რიგში, საკუთარი თავის ღალატი. მე არ მერიდება ამ სიტყვის თქმა, ეს არის საკუთარი თავის ღალატი და ღალატი ყველა იმ ადამიანისა, ვინც დღეს გამოკეტილია ციხეში პოლიტიკური ნიშნით, ასეთი ბევრია, სამწუხაროდ და, რა თქმა უნდა, ღალატი იმ ადამიანებისა, ვინც 200-ზე მეტი დღე აპროტესტებს ყოველდღიურად რუსული რეჟიმის მმართველობას. მთავარი მიზანი და პრინციპი, რომელსაც არ უნდა უღალატო, არის, რომ არ უნდა ითანამშრომლო დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან. სამწუხაროდ, დღეს „ლელო“ აღმოჩნდა პირდაპირი თანამშრომლობის რეჟიმში ივანიშვილთან.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ადგილობრივი არჩევნები არ შედგეს, მთავარი კი არის, რომ ხალხმა არ მიიღოს მონაწილეობა მასში.
ბოტკოველმა ასევე კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებებზე, რომლის თანახმად, „ლელოს“ მხრიდან იყო ფულის შეთავაზება კრიტიკის შერბილების სანაცვლოდ და ასევე, გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მამუკა ხაზარაძემ ირაკლი კუპრაძეს მანქანა აჩუქა.
„ვინ ვის მანქანას აჩუქებს, ვინ ვის ტელეფონს აჩუქებს, მაგაზე მე ხომ არ უნდა ვილაპარაკო? მე შემიძლია, გითხრათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მანქანა არავისთვის არავის არ უჩუქებია და ამის შეფასება შემიძლია გავაკეთო… ანას (წითლიძეს) აქვს ალბათ, კონკრეტული ფაქტები და რადგან მან განცხადება გააკეთა, რაღაც საფუძველი ჰქონდა“, – განაცხადა ბოტკოველმა.