გიზო ჩიგოგიძის პერსონალურ გამოფენაზე
By

გიზო ჩიგოგიძის პერსონალურ გამოფენაზე

ქალთა სადღესასწაულო დღეებს მიეძღვნა ფოტოხელოვან გიზო ჩიგოგიძის პერსონალური ფოტოგამოფენა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების სივრცეში აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიხსნა. ექსპოზიციაზე 40-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

ბათუმელმა ფოტოხელოვანმა ფირზე არაერთი ისტორიული მომენტი აღბეჭდა, რომელთა შორისაა ძველი ბათუმის ცნობილი ადგილები, საინტერესო ადამიანები, ბათუმური ცხოვრების ფრაგმენტები. ეს იმ შემოქმედების მცირე ნაწილია, რომელიც გიზო ჩიგოგიძემ შექმნა. წლების განმავლობაში ნაგროვები ამბები თანამედროვე ხელოვნების სივრცემ ერთი კვირით გააერთიანა – დამთვალიერებელს ექსპოზიციის ნახვა 10 მარტის ჩათვლით შეეძლო.

გამოფენის გახსნის ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ხელოვანის კოლეგები, ფოტომოყვარულები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გიზო ჩიგოგიძე ის ფოტოხელოვანია, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი კადრი შემოუნახა არა მხოლოდ ბათუმს, არამედ მთლიანად საქართველოს, რომელთა შორისაა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ახალგაზრდა ილია მეორის ბათუმში ჩამობრძანების, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას აჭარაში სტუმრობის, ბათუმის განთავისუფლებისათვის დაღუპული იმ 50 მებრძოლის ცხედრების ამოსვენებისა და დრამატულ თეატრში დასვენების კადრები, რომლებიც ამჟამად თავისუფლების მოედანზე არიან დაკრძალულები (სადაც ქვის ჯვარია აღმართული). ეს უნიკალური ფოტოები ჩვენი ქვეყნის დაუვიწყარი ისტორიაა.

როგორც გიზო ჩიგოგიძე ამბობს, ის „სტუდიური ფოტოგრაფია“ და პირველად პორტრეტების გადაღება სწორედ ფოტოატელიეში დაიწყო. ფოტოგრაფია და გადაღების ტექნიკა წინ წავიდა, თუმცა პორტრეტების და საერთოდ, ნებისმიერი კადრის გადაღება პროფესიონალის თვალს ყოველთვის მოითხოვდა და დღესაც მოითხოვს, რითაც ბატონ გიზოს ნამდვილად შეუძლია დაიკვეხოს.

– მიხარია, რომ აჭარის კულტურის სამინისტრომ და თავისუფალმა სივრცემ ჩვენი ქალაქის ცნობილ ფოტოხელოვანს, ქალაქის კოლორიტ პიროვნებას პერსონალური ფოტოგამოფენის მოწყობის შესაძლებლობა მისცა. გიზო ჩვენი ქალაქის ნაწილია, გამორჩეული მემატიანეა. მისი თითოეული ნამუშევარი პატარა ისტორიაა, ნოველაა. რამდენი სახე შემოინახა, განსაკუთრებით მიყვარს ქალაქელების პორტრეტები. მათ შორის უამრავი ისტორიული სახეა. მის ფოტოებში ქალაქის სხვანაირ ხედვას იგრძნობთ. ახალი ქალაქის ფოტოების გადაღებაც შესთავაზეს და ეს სასიხარულოა – ახალი რაკურსითაც დავინახავთ ბათუმს. გამიხარდა გამოფენაზე სასტუმრო „მესხეთის“ ნახვა, შვიდი წელი მისი გენერალური დირექტორი ვიყავი (როცა დევნილები ცხოვრობდნენ). გიზომ ვარლამის, ჩვენი ბოცორიას არაერთი ფოტო შემოგვინახა. მისი უსათნოესი სახე არაერთხელ აქვს აღბეჭდილი და ეს ჩემი ბავშვობაა. მახსოვს, როცა ვარლამი სასაფლაოდან ბრუნდებოდა, დედა პატარა სუფრას დაახვედრებდა (ის ჩვენს ეზოსთან ჩამოივლიდა). ფოტოხელოვანის შესანიშნავი ნამუშევრები მახსოვს, ყოფილ სტალინის ქუჩაზე რომ გამოფენდა. საოცარი პორტრეტები ჰქონდა, გამორჩეული ხედვით… კარგი იქნება, თუ მისეული პორტრეტების გამოფენა ცალკე მოეწყობა. მადლობა კულტურის სამინისტროს ასეთი პროექტების ხელშეწყობისთვის, – გვითხრა ბათუმელმა მაია სურმანიძემ.

– ბატონი გიზო ქალაქის უახლესი ისტორიის მემატიანე, ბათუმის კოლორიტი და დიდი ფოტოხელოვანია, მან აქ გააცოცხლა ბათუმის უახლესი ისტორია, დიდი ხანია ბათუმში გამოფენა არ ჰქონია… შევთავაზე, რომ ბათუმი ახალი რაკურსით გადაიღოს, რაც, ვფიქრობ, საინტერესო იქნება, რადგანაც კარგა ხანია ფოტოები არ გადაუღია. აი, ამ შეთავაზებით მას სტიმული მივეცით. წლების შემდეგ ეს ფოტოებიც ქალაქის ისტორია გახდება, – გვითხრა ლადო მგალობლიშვილმა.

– გამოფენა ჩემი ინიციატივით, მაგრამ კულტურის სამინისტროს გვერდით დგომით მოეწყო, დახმარებისთვის მადლობა ბატონ ლადო მგალობლიშვილს.. . ქალთა დღეებთან დაკავშირებით მინდოდა მომეწყო და ძირითადად, სწორედ ამ თემატიკის ფოტოები შევარჩიე. აქ 35-40 წლის წინ გადაღებული ფოტოები წარმოვადგინე. ახალი ბათუმის გადაღება შემომთავაზეს, ვნახოთ, ეგებ გადავიღო კიდეც, – თქვა გიზო ჩიგოგიძემ.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • მარტი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *