
გივი თარგამაძე დააკავეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სხდომას არ ესწრებოდა გივი თარგამაძე, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია. იგი პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც თარგამაძემ კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას გივი თარგამაძე საკუთარ სახლში ელოდებოდა. მას შემდეგ, რაც სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, თარგამაძე დამნაშავედ ცნო, ის მეგობრებთან ერთად ვაკის პოლიციის განყოფილებისკენ თავისი ფეხი წავიდა. გივი თარგამაძეს ხელბორკილები პოლიციის შენობის შესასვლელთან დაადეს. როგორც მან ჟურნალისტებს შენობაში შესვლამდე განუცხადა, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „განაჩენი არსებობს, ვიღაცამ ხომ უნდა წამიყვანოს იქ (ციხე) და წამიყვანოს ამ ხალხმა,“ – უთხრა მან ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გალერეა
