გია აბაშიძე: საქართველოს გაცხადებული აქვს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა და არავის სამხედრო კლუბსა თუ ბლოკში არ მონაწილეობს
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მორიგი დათქმა, რომ „ირანის ახალი ლიდერის დანიშვნა მასთან უნდა შეთანხმდეს“, კვლავ ცარიელ სიტყვებად დარჩა – ტრამპისთვის არავის უკითხავს, ომის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი აიათოლას არჩევა. ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი გახდა. იგი 56 წლის სასულიერო პირია, რომელსაც არასდროს ჰქონია სამთავრობო თანამდებობა, თუმცა შეძლო მჭიდრო კავშირები დაემყარებინა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) და შეუფერხებლად დაეკავებინა ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერის თანამდებობა. IRGC-სთან კავშირები მას დამატებით ბერკეტს აძლევს ირანის მთელ პოლიტიკურ და უსაფრთხოების აპარატზე. მოჯთაბა, ასევე, ცნობილია, როგორც ირანში რეფორმების მოწინააღმდეგე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის, თუნდაც, მამის ისრაელის რაკეტების დარტყმის ქვეშ დაღუპვისთვის, ისრაელსა და აშშ-ზე შურისძიებას ეცდება და გააგრძელებს უმოწყალო დარტყმებს ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. . .
გამოდის, ვერ გამართლდა თეირანზე ტრამპის ელვისებური დარტყმის მიზანი. მან ვერ დაანგრია ირანის სახელისუფლებო ვერტიკალი. ამ ეტაპზე, არავინ იცის, როგორ გადაითამაშებს აშშ-ის პრეზიდენტი ცეცხლში გახვეულ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად, რომლისთვისაც თავის დროზე ნობელის პრემიის მიღებასაც კი იმედოვნებდა.
ირანის, აშშ-ის და ისრაელის კონფლიქტზე, საქართველოს ადგილზე ამ ვითარებაში და ჩვენი ქვეყნის შიდა დაძაბულობაზე საუბრობს „აჭარასთან“ ინტერვიუში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
– თუ შეიძლება, ჯერ მოკლედ მიმოვიხილოთ, რა ხდება ირანში და მის ირგვლივ?
– საკმაოდ რთული და არაპროგნოზირებადი ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში. ვხედავთ, რომ კონფლიქტის ცეცხლის რკალი გაფართოვდა და იქამდეც კი მივიდა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა ირანული დრონები. მიუხედავად იმისა, რომ თეირანი ამ ფაქტს უარყოფს, პრეზიდენტი ალიევი პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ეს იყო ირანის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი. შესაბამისად, დააკავეს ირანზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირიც.
– თეირანმა ხომ განაცხადა, რომ აღარ დაესხმება თავს მეზობელ ქვეყნებს?
– კი, განაცხადა, მაგრამ ეს სიტყვები დატვირთვას კარგავს, თუ გავაანალიზებთ რეალობას. ირანის გარშემო მდებარე თითქმის ყველა არაბულ სახელმწიფოში განლაგებულია ამერიკის სამხედრო ბაზები. სწორედ იქიდან ხდება დამხმარე ძალების, თვითმფრინავების და რაკეტების ირანზე გაშვება და შეუძლებელია ამის შეჩერება, რადგან ამ მასპინძელ ქვეყნებს მრავალწლიანი სარფიანი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული ვაშინგტონთან. აქ არის კიდევ ერთი სავალალო და საშიში მომენტი, განსაკუთრებით, არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის. უმოწყალოდ იბომბება მისი ტერიტორია, კერძოდ კი დუბაი, რომელიც წლების განმავლობაში განმტკიცდა მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი მეგობრული ქალაქი ბიზნესის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ეს იმიჯი ამჯერად დანგრეულია და მისი აღდგენა დიდი კითხვის ქვეშ დგას.
– მსოფლიო ეკონომიკაც შეტორტმანდა. . .
– დიახ, იმიჯები გვერდზე გადავდოთ და გავარკვიოთ, რა ხდება გლობალურ ეკონომიკაში, მიწოდების ჯაჭვში და ენერგორესურსების ტრანსპორტირებაში… გავიგეთ, რომ ვაშინგტონმა დაუშვა სანქციების დროებითი მოხსნა რუსულ ნავთობზე, თუმცა ეს ზომები რამდენად დროებითი იქნება, კიდევ საკითხავია იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი აცხადებს, კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება საომარი მოქმედებები, სანამ რეჟიმი არ დაგვნებდებაო.
– რეჟიმი არ ჩქარობს „დანებებას“. . .
– დიახ, ეს არ არის ვენესუელა, სადაც ერთი პრეზიდენტის მოტაცებით მოგვარდა საქმე, აქ გაცილებით რთული სიტუაციაა და წარმოუდგენელია, ერთი აიათოლას მოკვლით 90-მილიონიანი ქვეყანა დაიმორჩილონ.
– თუ შეიძლება, ირანის სახელისუფლებო ვერტიკალში გაგვარკვიოთ?
– ირანის სახელისუფლებო ვერტიკალი ძალიან განსხვავებულია ტრადიციული დემოკრატიული, ან თუნდაც ავტოკრატიული მმართველობებისგან იქიდან გამომდინარე, რომ ირანში ფუნქციონირებს მრავალი გავლენიანი შტო. გარდა იმისა, რომ აწ უკვე მოკლული აიათოლა გახლდათ უმაღლესი სულიერი ლიდერი, მის ხელში იყო ყველა სამხედრო სპეცსამსახური თუ სამართალდამცავი. ამ ომის შედეგად გამოჩნდა ისიც, რომ იქ არსებობს რამდენიმე აქტიური განშტოება. როგორც ვიცით, ახალი სულიერი ლიდერი უკვე ჰყავთ, გარდა ამისა, ირანში არის სამეულისგან შემდგარი სპეციალური საბჭო, რომელშიც შედიან პრეზიდენტი, უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ქვეყნის მმართველობაში ასევე დიდი როლი ენიჭება ცნობილ პოლიტიკოს ალი ლარიჯანს – უშიშროების საბჭოს მდივანს, რომელსაც გააჩნია მძლავრი გავლენა. ასევე, ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, კლასიკური გაგებით, არ არის მხოლოდ სპეცსამსახური თუ ელემენტარულად, შეიარაღებული ძალა, ეს არის კონგლომერატი, რომლის ხელშია უდიდესი ბიზნესები, არა მხოლოდ ირანში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, იქნება ეს პირდაპირი თუ, მეტწილად, შენიღბული მფლობელობით. შესაბამისად, ამ უდიდეს სტრუქტურას აქვს ფინანსური ინექციების წყაროები სხვადასხვა კუთხიდან. გარდა ამისა, ამერიკული მედია ამტკიცებს, რომ ირანს ამ რაკეტებისა და დრონების გაშვებაში ეხმარება რუსეთის კოსმოსური დაზვერვა. მოგეხსენებათ, უპილოტო საფრენი აპარატების თუ რაკეტების ავიადარტყმა ზუსტი მონაცემების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, კოსმოსური დაზვერვა მსოფლიოში შეზღუდულია და მხოლოდ ზესახელმწიფოებს აქვს.
– იქნებ ჩინეთი ეხმარება?
– ამერიკელი ანალიტიკოსების ვერსიით, ჩინეთი გამორიცხულია. ამაში ჩართულია რუსეთი. აქ კიდევ ერთი შეკითხვა ჩნდება, ბუნებრივია, იარაღის მარაგები ნებისმიერ ომში მცირდება და მათ შევსება სჭირდება. ასე რომ, საინტერესოა, კონკრეტულად ირანში, რომელი სახმელეთო გზებით შედის დამატებითი შეიარაღება. ირანი ესაზღვრება თურქმენეთს, პაკისტანს, ავღანეთს. . . რომელი მათგანი ეხმარება თეირანს, ალბათ გაარკვევენ. . .
– თუკი კოსმოსური დაზვერვაც აქვს და დამატებითი შეიარაღებაც, გამოდის, თეირანი არ დათმობს პოზიციებს და კონფლიქტი დროში კიდევ უფრო გაიწელება. . .
– ვფიქრობ, უმძაფრესი ესკალაცია, როგორიც დღეს არის, ბოლოს და ბოლოს, უნდა განიმუხტოს იმ ბუნებრივი მოცემულობით, რასაც ჰქვია ფინანსურ-ეკონომიკური ზეწოლა. თითქმის ცამდეა ავარდნილი ფასები ენერგორესურსებზე, განსაკუთრებით ევროპაში, ასევე – აზიაში. აქედან იხეირებს და მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს სანქცირებული რუსეთი. ის დამატებით ენერგორესურსებს ჩინეთს მიჰყიდის არსებული მილსადენებით, ხოლო სხვადასხვა გზით – ინდოეთს. როგორც ვთქვი, ნავთობზე სანქციების მოხსნის მზაობა უკვე არის და იმ ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებმა, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში არიან შემალული, არ არის გამორიცხული, მსოფლიოში თავისუფლად დაიწყონ მოძრაობა.
– ტრამპმა ხომ განაცხადა, რომ არ ნერვიულობს საწვავზე ფასების ზრდაზე?
– აქ მხოლოდ ტრამპის მოსაზრება არ კმარა. ფინანსური წნეხი, რომელიც აისახება სავალუტო კურსზე, ბირჟებზე, ენერგორესურსების ფასებზე, ურტყამს იმ მილიარდერ მაგნატებს, რომლებიც არიან ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ერთ-ერთი მთავარი დონორები და დამფინანსებლები. მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ირანზეც აისახება, რადგან ჰორმუზის სრუტის შეფერხება მისი ეკონომიკური ჯაჭვის შეფერხებაც არის. ამიტომ, საბოლოო ჯამში, უდიდესი ალბათობით, მხარეები მოილაპარაკებენ, შეთახმდებიან და როგორც წესი, ყველა გამოვა გამარჯვებული. . . თუმცაღა ტრამპი საერთო გარიგებას ვერ დასჯერდება, მას სჭირდება ირანზე მეტი გავლენის მოპოვება, რათა განიმტკიცოს იმიჯი შიდა პოლიტიკაში. ჯერ ერთი, ნოემბერში, აშშ-ში შუალედური არჩევნებია. მთლიანად უნდა გადაირჩიონ კონგრესის ქვედა პალატა და ნაწილობრივ – სენატი. თუ ტრამპის „დემოკრატი“ მოწინააღმდეგეები უმრავლესობაში მოვიდნენ, მას პრეზიდენტობა გაუჭირდება . . . და მეორე და მთავარი – არ გამოვრიცხოთ, რომ სხვადასხვა მიზეზის მოშველიებით დაიწყონ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები. ასე რომ, ტრამპს ახლა სისხლხორცეულად სჭირდება გამარჯვების რაღაც კოზირის ხელში დაჭერა როგორც შიდაპოლიტიკურად, ასევე მზარდი ეკონომიკური დარტყმების შესაჩერებლად როგორც ამერიკაზე, ასევე მის პარტნიორებზე, განსაკუთრებით ახლო – აღმოსავლეთში.
– გამოდის, ტრამპმა ვერ შეძლო დასახული ამოცანის შესრულება. აქეთ ვერ დაშალა ირანის სახელისუფლებო ვერტიკალი, სახმელეთო ჯარებსაც ვერ შეიყვანს, რადგან წინასწარ იცის, რომ წააგებს, თანაც – არჩევნებიც კარზეა მომდგარი . . . მაინც რისი იმედი აქვს?
– ირანს აქვს ურთულესი სახელისუფლებო მართვის სტილი, უზარმაზარი ტერიტორია, რომლის მოსახლეობის ნაწილი, განსაკუთრებით სპეცსამსახურებში დასაქმებული უამრავი ადამიანი და მათი ოჯახები არ არიან რეჟიმის წინააღმდეგი. ისიცაა, რომ ყოფილი შაჰის ე.წ. მემკვიდრე უკიდურესად არაპოპულარულია მოსახლეობის ფართო ფენებში. აქვე ისიც გავითვალისწინოთ, არ არის გამოკვეთილი ოპოზიციური ლიდერი. . . აქედან გამომდინარე, ძალიან საეჭვოა, რომ ამ რეჟიმის ცვლილება მოხდეს. შესაძლოა, რაღაც საკითხებზე ვაშინგტონმა დაითანხმოს თეირანი, მაგრამ ქვეყანაში სახმელეთო ოპერაცია ირანის მძლავრი სამხედრო მანქანისა და ვეებერთელა მანძილიდან გამომდინარე – წარმოუდგენელია.
– ისრაელი და სხვა მოკავშირეებიც ხომ ეხმარებიან ამერიკის შეერთებულ შტატებს, ერთად ვერ განახორციელებენ ირანზე სახმელეთო შეტევას?
– არა, ამას ვერ შეძლებენ ვერც ამერიკა, ვერც ისრაელი და ვერც მისი მოკავშირეები – ქურთები. ტრამპმა ძლივს დაითანხმა რამდენიმე მოკავშირე ნატოდან, რომ გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდეს საკუთარი თავდაცვის ოპერაციებში, ვგულისხმობ აშშ-ის ბაზებს ახლო აღმოსავლეთში. რაც შეეხება სახმელეთო ოპერაციას, აქ თითქმის 99%-ით შეიძლება ითქვას, რომ არცერთი ნატოს წვერი ქვეყანა მას მხარში არ დაუდგება ერაყის წინა გამოცდილების გათვალისწინებით. თანაც ისიც იციან, რომ ერაყისგან განსხვავებით, ირანი ე.წ. კერკეტი კაკალია და შეუძლებელია მისი ბოლომდე დამსხვრევა.
– თურქეთი რა პოზიციას იჭერს, ხომ დაარტყა ირანმა?
– ძალიან ფრთხილობს პრეზიდენტი ერდოღანი. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ დიპლომატიას და მშვიდობიან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. თეირანმა აზერბაიჯანს რომ დაარტყა, თურქეთს არ გაუკეთებია ხმამაღალი განცხადებები, იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის უნიკალური, უმჭიდროვესი სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორობაა. ვფქირობ, ერდოღანს ახლა არ სჭირდება ამ კონფლიქტის ესკალაცია. აზერბაიჯანი, ალბათ, გადავა თავდაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე. ალიევი ვერ დაარტყამს ირანს, რადგან მასთან მოსაზღვრე პროვინციებში, მრავალი საუკუნის განმავლობაში, მჭიდროდ არიან დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანლები… ანუ ძალიან რთული მოზაიკაა, არავის სურს თეირანთან პირდაპირი კონფლიქტი, რადგან, სამხედრო თვალსაზრისით, დამანგრეველია ყველა იმ მხარისთვის, რომელიც გაამწვავებს სიტუაციას. აქვე ისიც გავითვალისწინოთ, რომ არავის ავიწყდება ეკონომიკა – ენერგორესურსები და ფინანსები, რაც გადამწყვეტია ყველა ომში.
– ოპოზიციური ფლანგი ისევ აქტიურობს საქართველოში და პრობლემატურ განცხადებებს აკეთებს. თქვენი კომენტარი. . .
– ომის დროს ყოველთვის არის ცრუ, მავნებლური პროპაგანდა. ეს განსაკუთრებით შეიჩნევა ბოლოდროინდელ საქართველოში, სადაც რადიკალური ოპოზიცია მტრობს არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებას და საკუთარ მომხრეებსაც კი. მშვიდობიანი ვითარების დარღვევა დააზიანებს ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანს. ეს ჭეშმარიტება ზოგმა იცის, ზოგმა – არა. მოკლედ რომ ვთქვათ, მეხუთე კოლონის როლს ასრულებენ, იქნება ეს თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი თუ სხვა ტოქსიკური აქტორები ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციურ ველზე. კარგია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება, თუ რას ეფუძნებოდა მათი სამარცხვინო განცხადებები, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა საბოტაჟი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. იმედია, ყველაფერს გაეცემა პასუხი.
– რაც შეეხება თავად საქართველოს, რამდენად გამართული საჰაერო თავდაცვა გაგვაჩნია, თუკი რომელიმე რაკეტას ან დრონს „გზა აერია“?
– გავიხსენოთ ის გაქილიკებული ვითარება, როდესაც პრემიერ კობახიძეს და საქართველოს მთავრობას ამუნათებდნენ ირანთან მჭიდრო კავშირებისთვის. ახლა უკეთ გამოჩნდა „ნაცრადიკალების“ მავნებლური, არაშორსმჭვრეტელური პოზიციონირება. საქართველოს გაცხადებული აქვს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა და არავის სამხედრო კლუბსა თუ ბლოკში არ მონაწილეობს, არცერთ ომში არ ებმება, მშვიდობიან განვითარებაზეა ორიენტირებული. დამაიმედებელია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, ირანის ტელევიზიის ეთერში ჩართვისას, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ სამიზნეებში არ შედის ამერიკის საელჩო თბილისში. ირანმა, ასევე, ძალიან კარგად იცის, რომ ამერიკელი სამხედროების საქართველოში დიდხნიანი ყოფნა არ უკავშირდება არცერთი ქვეყნის საწინააღმდეგო ინტერესებს, რომ ისინი აქ არიან მხოლოდ რჩევა-კონსულტაცია-ტრენინგისთვის და ქართული ჯარის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ანუ ჩვენი სამხედრო შენაერთები ქვეყნის დასაცავად ვითარდება და არა იმისთვის, რომ სხვას დაესხან თავს.
რაც შეეხება საჰაერო სივრცის თავდაცვისუნარიანობას, გვაქვს ის მინიმუმი, რაც უნდა გვქონდეს, მაგრამ სანამ რაკეტებამდე და დრონებამდე მივა საქმე, ამ ყველაფერს აგვარებენ პოლიტიკოსები და დიპლომატები. ახლა უკვე გვაბრალებენ პროირანელობას, თუმცა ხმამაღლა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პროქართული და იღვწის მხოლოდ და მხოლოდ ერის თვითმყოფადობის, ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობის და დამოუკიდებლობის გადასარჩენად… და ვინ რა სამარცხვინო იარლიყს მიაკერებს, მის სინდისსა და პასუხისმგებლობაზე იყოს.
ირმა ცეცხლაძე