გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II
By

გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II

ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ, 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში – მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა  იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაიყვანეს აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

კათოლიკოს-პატრიარქად, მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი,  1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა პატრიარქის ინტრონიზაცია.
ილია მეორის სახელს უკავშირდება საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან ეკლესია-მონასტრების აღდგენა და აშენება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო სასწავლებლების და გიმნაზიების გახსნა, ეპარქიების, მრევლისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება, არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება.
ილია მეორის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ილია მეორეს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმინდა სამება. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, არაერთი საღვთისმეტყველო კრებული, ბროშურა და წიგნი. ილია მეორემ ასევე დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია.

2010 წელს, სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულატურა განისაზღვრა, როგორც უწმინდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის. საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ არ ყოფილა პატრიარქი, რომელსაც ეკლესია ამდენი წლის განმავლობაში ემართა. ის 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2017 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

  • No Comments
  • მარტი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *