19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
„განვითარების გზა“ საქართველოზე გაივლის
By

„განვითარების გზა“ საქართველოზე გაივლის

თურქეთი აქტიურად ავითარებს სახმელეთო და საზღვაო ლოჯისტიკურ მარშრუტებს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ნავთობისა და გაზის ექსპორტის საკვანძო სატრანსპორტო არტერიის, ჰორმუზის სრუტის შესაძლო დახურვის რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს.

ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრ აბდულქადირ ურალოღლუმ გაზეთ Hürriyet-თან ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ გვჭირდება საიმედო ალტერნატივები იმ შემთხვევაში, თუ სრუტე დაიბლოკება, ამიტომ „განვითარების გზისა“ და „შუა დერეფნის“ პროექტების რეალიზებას გავაძლიერებთ“.

მისი თქმით, „განვითარების გზის“, ანუ სპარსეთის ყურე-ერაყი-სირია-თურქეთის სახმელეთო მარშრუტის 2,1 ათასი კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის, რომელშიც, დაახლოებით, 24 მლრდ დოლარის ინვესტიცია იგეგმება. პარალელურად, გაძლიერდება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი, რომლის 2,2 ათასი კმ, ასევე, თურქეთზე გადის. ამ მარშრუტის ძირითადი მონაკვეთების მშენებლობა უკვე დასრულებულია.

ურალოღლუ მოელის, რომ ორივე პროექტის ექსპლუატაციაში სრულად გაშვების შემდეგ, ევროპაში საქონლის მიწოდების დრო „განვითარების გზის“ მარშრუტით 25 დღემდე, ხოლო შუა დერეფნით რეკორდულ 13 დღემდე შემცირდება.

ცნობისთვის: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე შუა დერეფანი, კასპიის ზღვაზე გადის და ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. 2024 წელს ჩინეთიდან შუა დერეფნით გადაზიდული საქონლის მოცულობა, 2023 წელთან შედარებით, 25-ჯერ მეტად გაიზარდა და 27 ათას კონტეინერს გადააჭარბა.

რაც შეეხება „განვითარების გზას“, 2024 წლის აპრილში ოთხმა მუსლიმურმა ქვეყანამ – ერაყმა, თურქეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და კატარმა „ერაყის განვითარების გზის“ პროექტს მოაწერეს ხელი. ის 1200 კმ-ზე მეტი სიგრძის რკინიგზისა და მაგისტრალის მოდერნიზაციასა და მშენებლობას ითვალისწინებს, რითაც ევროპა-აზიას შორის სახმელეთო გზა შეიქმნება და მომავალში, შესაძლოა, ახალ „აბრეშუმის გზად“ იქცეს.

ეს სავაჭრო დერეფანი სპარსეთის ყურეში, ერაყის დიდ პორტ ალ-ფაოდან დაიწყება და ერაყი-თურქეთის საკონტროლო-სასაზღვრო პუნქტ ფიშ-ხაბურში, მდინარე ტიგროსზე დასრულდება. პროექტის სიგრძე 2300 კმ-ზე მეტია, საიდანაც რკინიგზის ხაზი 1175 კმ, სახმელეთო გზა კი 1190 კმ-ია.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 17 მლრდ დოლარია, საიდანაც 10 მლრდ დოლარი ტვირთის, საქონლისა და მგზავრების გადასაზიდად მაღალსიჩქარიანი ელექტრომატარებლების შეძენას, ხოლო დანარჩენი, სარკინიგზო და საავტომობილო გზების გაფართოებას მოხმარდება. ინვესტიციების მნიშვნელოვან ნაწილს სპარსეთის ყურის მონარქიები გაიღებენ. მშენებლობის დასრულება 2029 წელს იგეგმება.

 

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *