
ბუთურაულში ქართული სკოლის აღდგენის 100 წლის იუბილე გადაიხადეს
შუახევის რაიონის სოფელ ბუთურაულში ქართული სკოლა საუკუნის წინ აღდგა. ამჟამად იგი 2008 წლის აგვისტოს ომის გმირ იაგო მიქელაძის სახელობისაა. წლების განმავლობაში მის კედლებში თაობები აღიზარდნენ და თავიანთი წვლილი შეიტანეს ქვეყნის აღმშენებლობაში.
სკოლის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. ითქვა, რომ საუკუნის წინ საგანმანათლებლო კერა საცხოვრებელ სახლში დაწყებითი სკოლის სახით ამოქმედდა. პირველი პედაგოგები იყვნენ მოწვეული ახალგაზრდები მარო გოგუაძე და ვალიკო ბერიძე, სოფელს დიდი ამაგი დასდო ასევე, მოწვეულმა პედაგოგმა ლუბა ბაღიშვილმა, რომელიც შემდეგ ბუთურაულელთა რძალი გახდა. პირველი ადგილობრივი მასწავლებელი ბინალ მიქელაძე გახლდათ.
1939 წელს დაწყებითი სკოლა შვიდწლიანად გადაკეთდა, რომელსაც მოვლინებული პედაგოგი კატიუშა კაჭარავა ჩაუდგა სათავეში. 1986 წლიდან იგი საშუალო სკოლის სტატუსითაა. სხვადასხვა წლებში სკოლას სათავეში ედგნენ: ანიკო ქელბაქიანი, რიზა დიასამიძე, ვლადიმერ, ამირან, არჩილ, ზვიად მიქელაძეები. ახლა სკოლას ხელმძღვანელობს ბულბული მგელაძე. ამჟამად მასში 48 მოსწავლეა, რომელთა აღზრდას 18 მასწავლებელი ემსახურება.
საზეიმო საღამო გახსნა ბულბული მგელაძემ. სოფელს, დამსწრე საზოგადოებას საიუბილეო თარიღი მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ჯემალ სურმანიძემ, რავშან ბეჟანიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, მისმა მოადგილე გიორგი კეკელიძემ, შუახევის რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ, სპმთპ (საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის) შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარიძემ, მწერალმა ვახტანგ გოგრაჭაძემ, სოფლის მკვიდრმა, საჯარო მოხელე მურად მიქელაძემ. მათ ისაუბრეს განათლების მნიშვნელობაზე, გაიხსენეს სკოლის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები.
საზეიმო ვითარებაში საპატიო სიგელები და მადლობის ბარათები გადასცეს იმ ადამიანებსა და მათი ოჯახების წევრებს, რომლებმაც სკოლის მუშაობაში წვლილი შეიტანეს.
დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ გამართულმა კონცერტმა.
გალერეა


