
ბოლო მონაცემებით, 72 მედიკოსია ინფიცირებული
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
„თქვენ ხართ გმირები, რომლებიც დგახართ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. გამორიცხულია ვერ დავინახოთ, არ დავაფასოთ და თითოეულ თქვენგანს მადლობა არ გადაგიხადოთ დამსახურებისათვის“
– ამ მიმართვით დაიწყო საუბარი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან შეხვედრისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. სხვა თემებთან ერთად, მან სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს როგორც კონკრეტულ საკითხში, ზოგადადაც, თანადგომა აღუთქვა:
– ჩვენ ისევ გავაგრძელებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის ბრძოლას, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არასდროს იქნება საკმარისი თქვენი დამსახურების აღსანიშნავად. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა ის პრობლემა და საჭიროება, რომელიც თქვენს გუნდს და ჩვენს გუნდს ერთად გვიდგას, ვინაიდან, მხოლოდ ეს კომუნიკაცია და ჩვენი ერთობა არის იმის საფუძველი, რომ საბოლოოდ ამ პატარა ქვეყანამ შეძლოს გლობალური, უხილავი მტრის,, კოვიდინფექციის დამარცხება, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებაში დარეკვისას აუცილებელია, მოქალაქემ ზუსტად გადმოსცეს თავისი ჩივილები, რაც სამედიცინო ეკიპაჟს საჭიროების შემთხვევაში, საშუალებას მისცემს მომზადებული, ანუ სრული აღჭურვილობით მივიდეს დასახელებულ მისამართზე და თავისი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენოს სხვების დახმარების დროს.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალს არაერთი ტრენინგი აქვს გავლილი, როგორ მოიხმარონ პირადი დაცვის საშუალებები, რიგ შემთხვევაში აღნიშნული მიმართულებით მაინც იკვეთება გარკვეული ტიპის ხარვეზები:
-კოვიდინფექციამ არ იცის, ვინ არის მისი მსხვერპლი. სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ეს კომპონენტი, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების ადგილის დეტალური შესწავლა.
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში ახალი კორონავისურით 72 მედიკოსია ინფიცირებული.