19 C ბათუმი
Monday 7th July 2025
ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
By

ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

ეს ფესტივალი წელს მეოთხედ ტარდება და მის ფარგლებში ოთხი საღამოს გამართვა იყო დაგეგმილი. აქედან ორი სიღნაღში უკვე ჩატარდა, ბათუმში – ერთი. ჩვენი ქალაქი მეორე საღამოსაც უმასპინძლებს.

რაც შეეხება დრამატულ თეატრში გამართულ კონცერტს, ორნაწილიანი საღამო შემოგვთავაზა პიანისტმა, დირიჟორმა, კომპოზიტორმა ნიკა ნიკვაშვილმა სახელწოდებით „ბაროკოდან თანამედროვე მუსიკამდე“. ეს იყო საინტერესო მოგზაურობა დროში. პირველ ნაწილში პიანისტმა რამდენიმე კლასიკური ნაწარმოები დაუკრა ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის. მასთან ერთად გამოვიდა თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის პირველი მევიოლინე, პროფესორი ლელა მჭედლიძე.

მეორე ნაწილში სპეციალური სტუმრის სტატუსით იმღერა ფრანგმა მომღერალმა ორელია მეიმ. დარბაზმა გულთბილად მიიღო სოფო ხალვაშისა და გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა. საღამოზე ბიძინა კვერნაძის ნაწარმოებებთან ერთად შესრულდა იაკობ ბობოხიძის, იტალიელი კომპოზიტორის მორიკონეს, სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებები.

კონცერტის შემდეგ მონაწილეებს გავესაუბრეთ.

ნიკა ნიკვაშვილი, პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი:

– ეს პროგრამა ჯერ კიდევ იანვარში მოვამზადე და ფესტივალის ფარგლებში არაერთ ქვეყანაში წარვადგინე. ძალიან მადლიერი ვარ მსმენელის. მუსიკოსისთვის მთავარი შეფასება ყოველთვის ხალხის რეაქციაა. მადლობა ორგანიზატორებს, ყველას, ვინც ფესტივალს გვერდით დაუდგა, ვინც ამ საქმეს ჩემთან ერთად ემსახურება. ბედნიერი ვარ, რომ ფესტივალი სიღნაღში ბიძინა კვერნაძის ბიუსტის გახსნით დაიწყო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს ძვირფას ბათუმში ვიმყოფები. ეს პროგრამა საქართველოში პირველად წარმოვადგინე, ეს არის დროში მოგზაურობა, ერთგვარი ექსკურსია – ვიწყებ ვივალდით და ვამთავრებ თანამედროვე მუსიკით. ძალიან მინდოდა ამ პროგრამის საქართველოში წარდგენა და მიხარია, რომ ეს ჩემს უსაყვარლეს ბათუმში მოხდა.

ორელია მეი, ფრანგი მომღერალი:

– ისეთი ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, რომ სიტყვები არ მყოფნის. საფრანგეთში ჩემი დისკი გამოვიდა, სადაც ბევრი სიმღერის ახალი ვერსია ნიკმა გააკეთა, ვიოლინოს პარტიების აკომპანირება კი ლელა მჭედლიძემ. მოუთმენლად ველოდებოდი აქაურ მსმენელთან შეხვედრას, საოცარი საღამო გამოვიდა ვარ, ძალიან ბედნიერი, რომ საქართველოში ვიმყოფები. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ნიკს ამ მოწვევისა და შესაძლებლობებისთვის. საოცარი პუბლიკაა, უზომოდ თბილი. მადლობა, რომ ასეთი საოცარი ქვეყანა გაქვთ.

სოფო ხალვაში:

– მეოთხე წელია, რაც ფესტივალი დაარსდა, თუმცა ბათუმში მესამედ აღინიშნება და ყოველ წელს განსხვავებული, გამორჩეული რეპერტუარით. რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს – ფესტივალს ხომ ბიძინა კვერნაძის მოსწავლე – ნიკა ნიკვაშვილი უდგას სათავეში, ისაა ამ ფესტივალის სულისჩამდგმელი. გიორგი სუხიტაშვილი:

– ბათუმელებთან შეხვედრით ძალიან ვისიამოვნე. მეორედ გამოვედი მათ წინაშე და მიხარია, რომ ისევ გულთბილად მიმიღეს. ყველას დიდი მადლობა.

 

მანანა ძიძიშვილი

 

 

  • No Comments
  • ივლისი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *