19 C ბათუმი
Monday 7th July 2025
„ბათუმური ყავის სურნელი“ – სურნელოვანი ხიდი წარსულსა და აწმყოს შორის
By

„ბათუმური ყავის სურნელი“ – სურნელოვანი ხიდი წარსულსა და აწმყოს შორის

ნაცნობი, სასიამოვნოდ თავბრუდამხვევი ყავის სურნელით მოგვეგება და მე-19 საუკუნის ბათუმის არომატულ წარსულში გვამოგზაურა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულმა ღონისძიებამ „ბათუმური ყავის სურნელი“,

6 ივლისს, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა, ერთი დღით თითქოს დროის ჭიშკრად გადაიქცა, რომლის შეღებისას განცდა გრჩებოდა, რომ ბათუმს ისევ დაუბრუნდა მისი სახასიათო ყოფა: ქვაფენილიანი ვიწრო ქუჩა, ლითონის ჩარჩოებში ჩასმული ფანჯრები, აივნებზე ზღვის ნიავით ათამაშებული ფარდები და ყავა, ისეთი ყავა, როგორიც მხოლოდ ბათუმში შეიძლება იყოს, ოდნავ მწარე, ოდნავ სანელებლიანი და ყოველთვის გემრიელი.

„ბათუმური ყავის სურნელი“ ნამდვილად იყო სხვა დროის სუნთქვა და როგორც ღონისძიებაზე მყოფი ბათუმელები აღნიშნავდნენ, საკუთარ ბავშვობასთან დაბრუნება. მუზეუმის ფონდიდან გამოტანილი ძველი სამზარეულოს ნივთები: ჯეზვეები, ყავის საფქვავები აცოცხლებდა ძველ ბათუმს.

ღონისძიებაზე დამსწრეებთ, შესაძლებლობა გვქონდა, სამჭედლო ხელოვნების კუთხეში გვენახა, როგორ ამზადებდნენ ოსტატები ხელსაწყოებს სპეციალურად ყავისთვის, თითქოს იმავე ენერგიით, რითაც დედები, ბებიები ძველ ბათუმში დილაობით რომ ხარშავდნენ ყავას. ტრადიციული ტკბილეულის სურნელი გვაგონებდა ბავშვობას, როცა ყველაფერს სულ სხვა ფერი, არომატი და გემო ჰქონდა…

ყველაზე დიდი რიგი ყავასთან იდგა, ასევე, ყავაზე „მარჩიელთან“, ქალთან, რომელიც ფინჯანში ჩაიხედავდა და თითქოს ჩვენს სულსაც წაიკითხავდა…

„ბათუმური ყავის სურნელი“ სწორედ ის დღე იყო, როცა ბათუმმა თავის წარსულს სიყვარულით შეხედა და თქვა: „ახლაც შენით ვსუნთქავ.“

– ბათუმი ვერ წარმოგვიდგენია ყავის სურნელის გარეშე და იცით, რომელი დრო მენატრება? საფქვავით ხელში რომ გადავდიოდით მეზობლებთან და მთელი ქუჩა რომ ყავის სურნელით ივსებოდა. მგონი, ვიწყებთ ამ ტრადიციის აღდგენას. დღევანდელი საღამო არა მარტო ბათუმურ ყავაზე შეკრება, არამედ ჩვენი ერთმანეთის გულთან მისვლაა და მადლობა მათ, ვინც ეს მოიფიქრა. ისეთი ეპოქა დადგა, რომ ადამიანები ერთმანეთს გავუუცხოვდით, დროც დაჩქარდა, ჩვენი საქმიანობაც რუტინული გახდა. ასეთი დღეები და საღამოები, ვფიქრობ, ერთმანეთთან დაბრუნების, იმ სამყაროში დაბრუნების საშუალებაა, რომელიც რეალურად არასდროს არ დაბრუნდება, მაგრამ მეხსიერება და დღევანდელი ყავის სურნელი ამ ხიდს აბამს ერთმანეთთან. ვფიქრობ, ბევრი ასეთი საღამო უნდა ჩატარდეს, ერთგვარი ფესტივალის სახეც უნდა მიეცეს. მინდა იდეად შემოვიტანო ჩავატაროთ ბათუმური ყავის ფესტივალი, – გვითხრა პოეტმა ბელა ქებურიამ.

– „ბათუმური ყავის სურნელი“ არ იყო უბრალოდ ღონისძიება, ეს იყო შეხვედრა ქალაქის სულთან… ბავშვობაში დავბრუნდი. ვფიქრობ, ეს ღონისძიება უნდა გაგრძელდეს, როგორც ერთგვარი ფესტივალი, რომელიც წარსულსა და აწმყოს სურნელოვან ხიდად იქცევა. მადლობა ყველას, ვინც ლამაზი მოგონებები გაგვიცოცხლა. ეს არ იყო უბრალოდ ყავაზე შეკრება, ეს იყო თბილი დაბრუნება ძალიან ძველთან, შინაურთან და ძვირფასთან, – თქვა ფილოლოგმა თეონა ქამადაძემ.

როგორც ცნობილია, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება ბათუმში ყავის კულტურის დანერგვა. დღესაც საკმაოდ გავრცელებულია ყავის დალევის რიტუალი, რაც მის ისტორიულ ფესვებს უკავშირდება.

– მუზეუმების გაერთიანების ფონდებში, დაახლოებით 300 000 -მდე ექსპონატია. თითოეული მათგანი დიდ ისტორიას ატარებს. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ფონდების გარეთ გამოტანა იმისათვის, რომ ადამიანებს ვამცნოთ, რა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს, ბათუმური ყავა და მასთან ასოცირებული ყველა ნივთი, ნამდვილად არის ამ მემკვიდრეობის დიდი ნაწილი. ბათუმური ყავა ნამდვილად საინტერესო ფენომენია, საქართველოს მასშტაბით მსგავსს ვერ შეხვდებით. ღონისძიება პირველად ტარდება და ეს იქცევა ტრადიციად. ვპირდებით საზოგადოებას, რომ სხვადასხვა თემატიკის, ფართო მასებზე გათვლილ ღონისძიებებს შევთავაზებთ. ბათუმი გახლავთ ტურისტული ქალაქი, შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია როგორც თანაქალაქელებისთვის, ასევე, ქალაქის სტუმრებისთვის, – აღნიშნა „აჭარის მუზეუმის “ გაერთიანების დირექტორმა თეონა ზოიძემ.

ღონისძიების დასასრულს სსიპ „აჭარის მუზეუმის“ დირექტორის მოადგილე ინგა გოგიბერიძე პროექტით „წერილები წარსულიდან“ მუზეუმების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელით დაჯილდოვდა. მადლობის სიგელი მუზეუმში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის ასევე გადაეცათ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდების მცველს ნატაშა ცეცხლაძესა და ამავე მუზეუმის მხატვარ-რესტავრატორ გურამ გუჯაბიძეს.

 

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ივლისი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *