ბათუმელი მასწავლებლის საერთაშორისო აღიარება
By

ბათუმელი მასწავლებლის საერთაშორისო აღიარება

შარშან ბათუმელი პედაგოგი აკადემიური დოქტორი ანა ანუშიძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა. ნოვატორმა პედაგოგმა კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა – ამ დღეებში მას ინდოეთში საქართველოს ელჩმა მასწავლებლის გლობალური ჯილდო გადასცა. ანა ანუშიძე ჩვენი გაზეთის სტუმარია.

– ანა, რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

– უპირველესად, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ გაზეთის მხრიდან ვგრძნობ. რაც შეეხება წარმატების ფორმულას, ჩემთვის ის რწმენასა და სიყვარულშია. რწმენაში, რომ ყოველდღიური შრომით ჩემს ქვეყანას ვემსახურები და ვქმნი ისეთ საგანმანათლებლო პროდუქტებს და პრაქტიკას, რაც თანამედროვე ქართული განათლების წარმატებული მოდელის შექმნას ჩაუყრის საფუძველს და სიყვარულში, რომელიც საოცარ ძალას მაძლევს. ერთხელ ვთქვი, მახარებს ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ-მეთქი. შრომა, რომელიც ადამიანში სიხარულს იწვევს, ალბათ, ქმნის კიდეც წარმატების ფორმულას.

– დიდი დრო არაა გასული, რაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გადმოგეცათ. განვლილ მოკლე მონაკვეთში კიდევ რა გააკეთეთ ისეთი, რომ მასწავლებლის გლობალური ჯილდო დაიმსახურეთ?

– წელს მონაწილეობა მივიღე აზერბაიჯანში გამართულ მასწავლებელთა საერთაშორისო სამიტში, სადაც წარვადგინე ჩემი სამი სასწავლო პროექტი: „სკოლის ბავშვთა ომბუდსმენი“, „მშობელთა სკოლა“ და „ინტეგრირებული საკლასო ვორქშოფები“, რომლებიც მიზნად ისახავდა პოზიტიური სასკოლო კულტურის და უსაფრთხო სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას, განვითარებას. აღნიშნულ სამიტზე, როგორც შემდგომში გავიგე, იმყოფებოდნენ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ჟიურის წევრები და ორგანიზატორები. სამიტის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დაინტერესებულები არიან ჩემი სასკოლო-საგანმანათლებლო საქმიანობით და მთხოვეს, სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით დეტალური მასალები მიმეწოდებინა, ასევე იმ სკოლების ვებგვერდები, რომლებშიც ვახორციელებდი ჩემს პროექტებს შესაბამისი დირექტორებისა და კოლეგა-მასწავლებელების საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად. როგორც მითხრეს, სურდათ თანამშრომლობა. სექტემბერში გამომიგზავნეს წერილი, რომ წარდგენილი ვიყავი მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე. ეს ჩემთვის განსაკუთრებულად ამაღელვებული იყო, რადგან ის მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებაა და აერთიანებს 156 ქვეყანას. ყველა მასწავლებლისთვის საინტერესოა საერთაშორისო მასშტაბის ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა, რადგან ამ შემთხვევაში ერთდროულად შეგიძლია სიახლეები გაუზიარო დიდ აუდიტორიას, შენც გაიზიარო სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და ერთობლივი გეგმებიც შეიმუშაოთ. შესაბამისად, ორი კვირის წინ, როდესაც ოფიციალური მოწვევის წერილი გამომიგზავნეს, მოვამზადე ჩემი სასწავლო პროექტების და რესურსების გასაზიარებელი ვერსიები, მათ შორის წავიღე ორი ახალი პროექტი “AI – ია ანუ, როგორ ვისწავლოთ ქართული ენა ხალისით, ადამიანური და ხელოვნური ინტელექტის სინთეზით“ და „ჩემი ქალაქის ბილიკი“. ინდოეთში დაჯილდოების ცერემონიაზე რომ დავინახე საქართველოს ელჩი მობრძანდა და სცენაზეც მიიწვიეს, უკვე მივხვდი, რომ რაღაც უფრო მეტი ხდებოდა, ვიდრე ველოდი. ჩემი სახელი რომ გავიგონე და მთელი დარბაზი ოვაციით ფეხზე წამოდგა, საოცარი და დაუვიწყარი შეგრძნება დამეუფლა.

– რა ფიქრები მოგეძალათ, როცა საქართველოს ელჩი ინდოეთში ჯილდოს დამადასტურებელ სერტიფიკატს გადმოგცემდათ?

– როცა სხვა ქვეყანაში ხედავ შენი აღიარების დასადასტურებლად მობრძანებულ საქართველოს დესპანს, ასე გგონია, იმ წამს მთელი საქართველო შენ გვერდითაა. ერთი წლის წინ მივიღე ჩემი ქვეყნის მასწავლებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო – მასწავლებლის ეროვნული პრემია, მას მოჰყვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ჯილდო წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისთვის. წელს აჭარის განათლების ფონდის მიერ საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლებისთვის და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებშიც გავიმარჯვე. ეროვნულ დონეზე ამ უდიდესი აღიარების, შრომის დაფასების და წარმატების შემდეგ, სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას, გამეცნო ჩემ მიერ მომზადებული, ეროვნულ დონეზე დანერგილი პროექტები და სასწავლო რესურსები საერთაშორისო აუდიტორიისთვის. ახლაც თვალწინ მიდგას ის მომენტი, როცა ელჩმა მადლობა გადამიხადა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისთვის. მერწმუნეთ, ამ მადლობამ კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა ჩემთვის მასწავლებლის გლობალური ჯილდო.

– კიდევ რით დაგამახსოვრდათ ინდოეთში ყოფნა?

ინდოეთი უდიდესი და უმდიდრესი ქვეყანაა, რომელიც მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში ამინდის შექმნის პროცესში. ამასთან, ინდოეთი ურთულესი ქვეყანაა, მრავალფეროვანი და საინტერესო თავისი ყოფით, პარადოქსებით… საინტერესოა კვლევისთვის.

მომავალი თაობის აღზრდის საპასუხისმგებლო გზაზე თქვენს ენერგიულ საქმიანობას რა შედეგი უნდა მოჰყვეს?

– ვფიქრობ, ამ საქმიანობის მთავარი შედეგი უნდა იყოს საგანმანათლებლო სერვისების დახვეწა ეროვნულ დონეზე, რომ სკოლა გახდეს მუდმივად ცოცხალი, საგანმანათლებლო ცენტრი არა მხოლოდ სასკოლო საზოგადოებისთვის, არამედ თემისთვის. მინდა და მჯერა, მომეცემა შესაძლებლობა, ჩემი წვლილი შევიტანო წარმატებული თანამედროვე ქართული სკოლის მოდელის შექმნაში.

– პატრიოტიზმი, ეროვნული იდეების ერთგულება, ქართული სკოლის კედლებიდან იღებს სათავეს. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები რამდენად უწყობს ხელს ამ თვისებების განვითარებას?

– პატრიოტიზმი, როგორც გრძნობა, ვფიქრობ, ჩნდება სკოლაში ფორმალური და არაფორმალური სწავლა-სწავლების პროცესში. ჩვენი, მასწავლებლების საპატიო მოვალეობაა, ვასწავლოთ მოსწავლეებს სამშობლოს სიყვარულის გამოხატვის ნამდვილი ფორმები. ყოველთვის აღვნიშნავ, შეუძლებელია ვამბობდეთ, რომ გვიყვარს სამშობლო და არ ვიცნობდეთ მას, მის ისტორიულ, კულტურულ, გეოგრაფიულ, სამოქალაქო ცხოვრებას. თუ ვამბობ, რომ მიყვარს სამშობლო და არ ვზრუნავ ჩემს ქალაქზე, არ მაღელვებს ჩემი თანამოქალაქეების წინაშე არსებული გამოწვევები, არ ვცდილობ ყოველდღიური საქმიანობით წვლილი შევიტანო ჩემი სოფლის, ქალაქის, ქვეყნის განვითარებაში, მაშინ სიტყვები, რომ მიყვარს, არაფერს ნიშნავს. სამშობლოს სიყვარული ყოველთვის საქმით უნდა მტკიცდებოდეს. ჩემი პროექტის „ჩვენი ქალაქის ბილიკის“ მთავარი სათქმელიც სწორედ ეს არის, პატრიოტიზმი იწყება საკუთარი ქალაქის, სოფლის, დაბის, მისი ისტორიულ-გეოგრაფიულ-სამოქალაქო ცხოვრების გაცნობით, შესწავლით, შეყვარებით და მასზე ზრუნვით. ვფიქრობ, ის სიახლეები, რასაც რეფორმა გვთავაზობს, ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების ფოკუსირებას, თუ როგორ შეგვიძლია აღვზარდოთ მოსწავლეები სამშობლოზე მოფიქრალ, მოყვარულ პიროვნებებად, რომლებიც იქნებიან ინიციატივიანები, შრომისმოყვარეები, პასუხისმგებლიანები საკუთარი ქვეყნის წინაშე.

– სიახლეს, ისიც საქართველოში არსებული დაპირისპირებების ფონზე, მოწინააღმდეგე მრავლად ჰყავს. თქვენი პოზიცია?

– ერთხელ ჩემმა ლექტორმა მითხრა – „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“. ჯანსაღი კრიტიკა დღეს იშვიათია, დანარჩენს სერიოზულად არ აღვიქვამ.

– ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკოლის პედაგოგს, რომელიც დიდ საქმეებს აკეთებთ მართლმადიდებლური მრწამსის დაცვისა და შენარჩუნებისთვის, რა მიგაჩნიათ უმთავრესად, რომ ერმა თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში, მართლმადიდებლური მრწამსი შეინარჩუნოს და საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად დარჩეს?

– ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა ჩემი მშობლიური საგანმანათლებლო კერაა, მას ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში. მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საპატრიარქოს სკოლები განსაკუთრებულ საქმეს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებლური მრწამსის დაცვის და შენარჩუნების, მოსწავლეთა პატრიოტ, ტოლერანტ, შემწყნარებელ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში. მივესალმები საპატრიარქოს ჩართვას, მათ შორის, საჯარო სკოლებში, ღირებულებების სწავლებაში. ასევე, ვფიქრობ, განსაკუთრებული სარგებლის მომტანი იქნება, თუ საშუალო საფეხურზე მოხდება თუნდაც არჩევითი საგნის სახით, ქართველი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების პუბლიცისტური წერილების დამუშავება.

– აღიარებას, მოლოცვებიც მოჰყვებოდა…

– ჩვენს ქვეყანაში უყვართ ერთმანეთის წარმატებით გახარება, განსაკუთრებით, თუ საერთაშორისო მასშტაბით მიღწეულ წარმატებასთან გვაქვს საქმე. ერთდროულად მრავალი გულწრფელი და გულთბილი მოლოცვა მივიღე. მადლობა თითოეულისთვის. მადლობა ჩემს ქვეყანას, რომელსაც საკუთარი უნარების გამოხატვის შესაძლებლობა მომცა, ასევე, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მოძღვარს, სასკოლო საზოგადოებებს, კოლეგებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს მხარდაჭერისთვის და ჩვენი საერთო სიხარულის გაზიარებისთვის.

– აკადემიური დოქტორის ხარისხი გაქვთ, თქვენს ლექციებს სტუდენტები სიამოვნებით ისმენენ…

– მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მომენიჭა და დავიწყე ლექცია-სემინარების წაყვანა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ოთხი განსაკუთრებულად საინტერესო წელი გავიდა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში, სალექციო კურსები მიმყავს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ჩემი განსაკუთრებული მადლობა ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ლევან ჯაყელს, რომელიც ფაკულტეტზე მომუშავე ყველა ლექტორ-მასწავლებლისა და სტუდენტისთვის ქმნის იდეალურ სამუშაო სივრცეს ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის და სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებისთვის. აქ საშუალებას გაძლევენ პროფესიული ზრდისთვის, უშურველად გასცემენ პროფესიულ რჩევებსა და რეკომენდაციებს, მხარს უჭერენ ახალ ინიციატივებს, შესაბამისად, აფასებენ კეთილსინდისიერ შრომას. წელს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მიხარია, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ, უნივერსიტეტთან ურთიერთობა ჩემთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია.

– რა პროფესიული გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– ამჯერად მსურს სასწავლო პროექტების განვითარება, ერთი მხრივ, სკოლა-უნივერსიტეტის დაახლოების მიზნით და, მეორე მხრივ, ეროვნულ დონეზე განხორციელებული პროექტების საერთაშორისო მასშტაბით გაფართოების მიმართულებით. მასწავლებლის გლობალური ჯილდოთი დაჯილდოების ცერემონიაზე და შემდეგ, მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი სხვადასხვა ქვეყნის სკოლების წარმომადგენლებს. უკვე გვაქვს თანამშრომლობის გარკვეული გეგმები.

– დაბოლოს, ამ აღიარებებთან ერთად, ოჯახის შექმნას როდის აპირებთ?

– გათავისებული მაქვს, რომ ოჯახის შექმნა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ვფიქრობ, უკვე შეიძლება ამაზე ფიქრი.

 ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • დეკემბერი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *