ახალი გამონაკლისები და შეღავათები – რას ცვლის პარლამენტის ახალი საკანონმდებლო პაკეტი?
By

ახალი გამონაკლისები და შეღავათები – რას ცვლის პარლამენტის ახალი საკანონმდებლო პაკეტი?

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს  საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც როგორც მიწის საკუთრების აღიარების პროცესის გამარტივებას, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შეთავსების შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნას ეხება. ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შოთა ბერეკაშვილმა და ლევან მაჭავარიანმა წარადგინეს, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მას მხარი დაუჭირა.

„კანონპროექტის მიღებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც სისტემური რეგისტრაციის დროს საკუთრების უფლების აღიარების, ასევე სპორადული რეგისტრაციის შემთხვევებშიც, საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე 2026 წლის პირველ იანვრამდე. მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, ის, რაც დასარეგისტრირებელი ქონებაა, ფართი თუ მიწა, გადასახადის გადახდის გარეშე დაარეგისტრირონ. დაახლოებით 550-მდე ასეთი მოქალაქეა და მათთვის ეს ძალიან სასიხარული ამბავია.

მეორე ცვლილება შედის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში. ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით – მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია, შემსწავლელი კომისია, რომელიც ამ საკითხს სწავლობს, სწორედ ამ კომისიის შემადგენლობაზეა ამ შემთხვევაში საუბარი. კორუფციის შესახებ კანონი, რომელიც მივიღეთ, კრძალავს საჯარო მოხელეებისთვის, ერთდროულად სხვადასხვა საქმიანობა განახორციელონ. ამ შემთხვევაში, საუბარია აქ შესატან ცვლილებაზე, ვინაიდან ეს კომისია კომპლექტდება სწორედ ასეთი საჯარო მოხელეებით, მათ შორის, შეიძლება, წარდგენილი იყვნენ სამინისტროებიდან, მერიიდან და ა.შ. შესაბამისად, კომისიამ აუცილებლად უნდა იფუნქციონიროს და ეს არის ის, რაც ამ კანონის მიხედვით გამონაკლისის სახით უნდა დავუშვათ.

აგრეთვე, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეთავსების შეზღუდვა არ ითვალისწინებდა გამონაკლისად იმ პირებს, რომლებიც საქმიანობენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – საზოგადოებრივ მაუწყებელში და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, მიუხედავად მათი საქმიანობის სპეციფიკისა. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია, კანონში გამონაკლისის დაზუსტება ისე, რომ იგი მოიცავდეს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებს, ისე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს, რათა მათ შეეძლოთ თავიანთი საქმიანობის განხორციელება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია და რადიო გამონაკლისის სახით უნდა დავუშვათ, იქიდან გამომდინარე, რომ არიან თანამშრომლები, რომლებიც შესაძლოა, ერთსა და იმავე ტელევიზიაში სხვადასხვა პროგრამის წამყვანი იყონ ან ითავსებდნენ ერთი და ორი გადაცემის გადაღებას. რა თქმა უნდა, ეს გამონაკლისი დასაშვებია, რათა თავისუფლად შეეძლოთ საქმიანობის განხორციელება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ცვლილებები შექმნის პრაქტიკულ გარემოს როგორც მოქალაქეებისთვის, რომლებიც საკუთრების უფლების სწრაფად და უფასოდ აღიარებას შეძლებენ, ასევე, იმ უწყებებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, რომლებსაც საქმიანობის სპეციფიკა დამატებით მოქნილობას აძლევს.

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *