აჭარა – ბარსელონის ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაზე
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბარსელონაში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან გამოფენაში, IBTM World 2025-ში მონაწილეობს. გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიცაა წარმოდგენილი.
IBTM World 2025-ის ფარგლებში, საქართველოში მსხვილი ტურისტული ღონისძიებების დაგეგმვისა და მარკეტინგული კამპანიების ჩატარების მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიების, ავიაკომპანიებისა და მსხვილი ღონისძიებების MICE-მენეჯერებთან შეხვედრები გამართა, სადაც ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან წარმოდგენილი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში მსხვილი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში საქმიანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, სამიზნე ქვეყნებში პრეზენტაციებისა და „როუდშოუების“ დაგეგმვის შესაძლებლობებს. გამოფენას დაესწრო ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდია. „ჩვენ შევხვდით მსხვილ კომპანიებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ბიზნეს-ღონისძიებებს. ეს გამოფენა ორიენტირებულია ბიზნეს-ტურიზმის განვითარებაზე. როგორც იცით, ვმართავთ კამპანიებს, რომლის ფარგლებში ვცდილობთ საქართველოში ბევრად მეტი ბიზნესმოგზაური ჩამოვიყვანოთ და ხელი შევუწყოთ საქართველოს პოზიციონირებას მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა მაია ომიაძემ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად, IBTM World 2025-ზე, ბიუროს წევრი 9 კომპანია მონაწილეობს. IBTM World 2025-ზე წარმოდგენილია 150 ქვეყნის 2 500-ზე მეტი ორგანიზაცია, ხოლო გამოფენის სტუმართა რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს.