აშშ სავიზო გირაოს პროგრამას აფართოებს – სიაში საქართველოც მოხვდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სავიზო გირაოს პროგრამა დამატებით 12 ქვეყანაზე ვრცელდება, მათ შორის არის საქართველო. უწყების ინფორმაციით, განახლებული პროგრამა 2 აპრილიდან შევა ძალაში და მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 50-მდე გაიზრდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გირაო მოქალაქეებს დაუბრუნდებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვიზისა და საგარანტიო პირობების სრული დაცვით დაბრუნდებიან სამშობლოში. პროგრამა ეხება B1 და B2 კატეგორიის – ტურისტული და ბიზნეს ვიზების მიღებას და ითვალისწინებს 5 000-დან 15 000 დოლარამდე გირაოს გადახდას.
აქამდე სავიზო გირაოს პროგრამა 38 ქვეყანას მოიცავდა, ხოლო გაფართოების შედეგად, სიას დაემატა რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის: კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელი და ტუნისი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზებზე საგარანტიო თანხის დაწესება უკავშირდება აშშ-ის სავიზო წესების დარღვევების შედარებით მაღალ მაჩვენებელს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან მოქმედი რეგულაციები.
სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე ასახავს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გამკაცრებულ საემიგრაციო პოლიტიკას და წარმოადგენს იმ ნაბიჯების ნაწილს, რომლებიც ვიზის რეჟიმის კონტროლის გაძლიერებას ემსახურება. წესების დაცვა, უწყების თქმით, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს აქტიური მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე.