19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
არჩილ ჩიქოვანი: 2021 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეებსა და ბათუმზე ორიენტირებული
By

არჩილ ჩიქოვანი: 2021 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეებსა და ბათუმზე ორიენტირებული

ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –

ბათუმის საკრებულომ 21 დეკემბრის სხდომაზე ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. სხდომას არც ამჯერად ერსწრებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხის ირგვლივ იმსჯელეს.

ქალაქის ბიუჯეტი სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა ედნარ ნატარიძემ წარმოადგინა.

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 151 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომლის მიხედვითაც მთავარ პრიორიტეტად კვლავაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები რჩება და, ჯამურად, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას მომავალ წელს 68 879 200 ლარი მოხმარდება, მათ შორის, საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას – 15 807 000 ლარი, სატრანსპორტო სისტემის სერვისის განვითარებას – 8 287 000 ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟს – 3 497 600 ლარი, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას – 560 000 ლარი, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვას – 1 942 800 ლარი, ქალაქის კეთილმოწყობას – 979 300 ლარი, ქალაქის დასუფთავებას, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას – 19 642 100 ლარი.

მომავალი წლის ბიუჯეტიდან ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 15 909 900 ლარი დაიხარჯება. პროგრამები და ქვეპროგრამები ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და ეპიდსიტუაციების მართვის მიმართულებით შემუშავებულია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების, ავადობის პრევენციის და კომუნალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

მომავალი წლის ბიუჯეტიდან განათლების სფეროს დაფინანსებას 15,377.0 ათასი ლარი მოხმარდება, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის სფეროში ღონისძიებებისთვის კი 12,106.4 ლარი დაიხარჯება.

45 900 000 ლარი ბათუმის ბიუჯეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერის სახით დაემატა, რომელიც, ძირითადად, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდება.

-ბათუმის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, რაც პანდემიის გამო შემოსავლების შემცირებამ განაპირობა, მაგრამ ბიუჯეტში ასახულია ყველა ის გამოწვევა, რაც ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. დაფინანსება გაზრდილია ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების მიმართულებით. შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები და კულტურული ღონისძიებების დაფინანსება. რაც შეეხება ქუჩების, სანიაღვრე არხების, სარეკრეაციო სივრცეების, სპორტული მოედნების რეაბილიტაციას, მოწყობასა და განვითარებას, ამ კუთხით დაფინანსება გაზრდილია. მთავარი პრიორიტეტი იყო ის, რომ ქალაქს შეენარჩუნებინა განვითარების მზარდი დინამიკა, – განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა ედნარ ნატარიძემ, რომელიც იმედს იტოვებს, რომ უახლოეს მომავალში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამოსწორდება და შემოსავლებიც გაიზრდება.

საკრებულოს სხდომას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდა, რომელმაც სხდომის მსვლელობისას ბიუჯეტის თაობაზე დეპუტატების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

-2021 წელს მთლიანი ასიგნებებით 151 მილიონი დაიხარჯება ბათუმისთვის. ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება – ინფრასტრუქტურული, სადაც მასშტაბური პროექტები განხორციელდება – ჯანდაცვისა და სოციალური. ბიუჯეტის გაზრდა ამ მიმართულებებით განპირობებულია, ერთი მხრივ, კაპიტალური ტრანსფერის საფუძველზე, რომელიც 1 მილიონ 900 ათასი ლარით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით, ხოლო მეორე მხრივ – შემოსულობებით. 2021 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეებსა და ბათუმზე ორიენტირებული და პასუხობს კოვიდ-19-ის გამოწვევებს, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
საკრებულოს სხდომაზე უფლებამოსილება შეუწყდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სირაბიძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად მისი უფლებამოსილების ცნობის გამო.

  • No Comments
  • დეკემბერი 22, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *