ალიევი: რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, ილია მეორემ მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი
By

ალიევი: რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, ილია მეორემ მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

„პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ჩვენი დროის გამოჩენილი რელიგიური მოღვაწის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი.

უწმინდესმა ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა საკუთარ ხალხსა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ მიმართულ კეთილშობილურ მიზნებს მიუძღვნა. კავკასიაში მშვიდობის, სტაბილურობის, ადამიანებს შორის სოლიდარობის, რელიგიათაშორისი ურთიერთგაგებისა და დიალოგის დამკვიდრების საქმეში გაწეული ძალისხმევით, ილია II-მ, ეროვნული და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მილიონობით ადამიანის გულში დაიმკვიდრა ადგილი და მოიპოვა ღრმა პატივისცემა და სიმპათია.

უწმინდეს ილია II-ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების საქმეში.

ვიზიარებ ამ მძიმე დანაკლისით გამოწვეულ მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, სრულიად საქართველოს მოსახლეობასა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

 

  • No Comments
  • მარტი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *