ალექსანდრე ქანთარია თანამდებობიდან გაათავისუფლეს – ბათუმის დრამატული თეატრი ახალი ეტაპისთვის ემზადება
ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია თანამდებობიდან გათავისუფლებულია. თეატრის ხელმძღვანელმა აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას რამდენიმე დღით ადრე აცნობა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება აჭარის ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიიღო.
თეატრის უკვე ყოფილმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა როგორც მაყურებელს, ისე აჭარის ხელისუფლებას. მისი თქმით, სწორედ მათი მხარდაჭერა იყო თეატრის წარმატებების მთავარი საფუძველი.
„აჭარის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, გავთავისუფლდი ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის საზოგადოებას, თეატრის მაყურებელს, რომელთა თეატრისადმი ინტერესი ამ სამი სეზონის განმავლობაში აშკარა იყო – ამას მოწმობდა თითქმის ყველა სპექტაკლზე მაყურებლით სავსე დარბაზი.
მადლობა ყველა თაობის მაყურებელს ნდობისთვის და ერთგულებისთვის. მადლობა აჭარის ხელისუფლებას – მათი მხარდაჭერის გარეშე სასიკეთო ცვლილებები და ის წარმატებები, რაც თეატრში ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა, ვერ მოხდებოდა.
მადლობა თეატრის იმ თანამშრომლებს, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას: ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს და, რა თქმა უნდა, მსახიობებს.
ბოლოს, გამომშვიდობებისას, თეატრის მესვეურთ მინდა ვუსურვო, გაუფრთხილდნენ თეატრის ავტორიტეტს და შევახსენო თეატრის უდიდესი რეფორმატორის, სტანისლავსკის სიტყვები:
„გიყვარდეთ ხელოვნება თქვენ თავში და არა თქვენი თავი ხელოვნებაში.“
წარმატებები ბათუმს, წარმატებები ბათუმის თეატრს,“ – წერს ალექსანდრე ქანთარია.
ცნობისთვის, ბოლო თვეებში თეატრის მსახიობებსა და დირექტორს შორის ურთიერთობა დაიძაბა. დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქანთარია თეატრის მსახიობის, ოთარ ქათამაძის გარდაცვალების შემდეგ, მის სამძიმარზე არ გამოჩენილა და არც საჯარო განცხადება გაუკეთებია.
მსახიობთა უმრავლესობის თქმით, ამ ფაქტის შემდეგ ქანთარიას მორალური უფლება აღარ ჰქონდა თეატრის დირექტორად დარჩენილიყო.
გთავაზობთ დღეს, ბათუმის დრამატული თეატრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც მსახიობთა ერთიან პოზიციას ასახავს.
„მოგესალმებით, მეგობრებო, გულშემატკივრებო, ბათუმის თეატრის მოკეთეებო და მხარდამჭერებო.
ჩვენ ვბრუნდებით. რთული გზა გამოვიარეთ, მაგრამ ღირსებით, თმენით, მომავლის იმედით, თეატრის უსაზღვრო სიყვარულით.
გარწმუნებთ, თეატრი გააგრძელებს ცხოვრებას ახალი ძალით, ენერგიით, მოტივაციით და შედეგებს უმოკლეს დროში წარმოგიდგენთ.
მადლობა ყველას, ვინც ამ რთულ დროს თეატრს გვერდით ედგა. მადლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გონიერებისთვის, გულისხმიერებისთვის, მხარდაჭერისთვის და თეატრის მომავლის ინტერესების გააზრებისთვის.
ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას პატივისცემით, ერთგულებით, სიყვარულით და გულწრფელი მსახურებით. გვიყვარხართ.
ბათუმის დრამატული თეატრის დასი. მადლობა.“