
ალექსანდრე მაისურაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს შეხვდა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოსა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში – ალექსანდრე მაისურაძემ შეხვედრა გამართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) დირექტორ მარია ტელალიანთან.
შეხვედრა გაიმართა ეუთო/ოდირის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით 7 ივლისს გავრცელებული განცხადების თაობაზე. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე ელჩის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთოს ძირითადი ღირებულებებისა და ვალდებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულება და იმედი გამოითქვა, რომ მხარეთა შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა გაგრძელდება.
ამასთან, ელჩმა შეშფოთება გამოხატა მარია ტელალიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც, სამწუხაროდ, ეფუძნება ფაქტობრივ უზუსტობებსა და აღქმებს და არ შეესაბამება საქართველოსა და ეუთოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
აღინიშნა, რომ ორგანიზაციის დირექტორის განცხადება ხელს არ უწყობს ქვეყანაში კონსტრუქციული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას და ჩრდილს აყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამასთან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ განცხადებაში გაჟღერებულია გზავნილები ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა აღქმული იქნას დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად.
ყურადღება ასევე გამახვილდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ანგარიშზე 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, აღნიშნული ანგარიში უსაფუძვლო თავდასხმის ობიექტი გახდა ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან – ევროპარლამენტის რეზოლუციამ ეჭვქვეშ დააყენა ორგანიზაციის ანგარიში და მეთოდოლოგია, რითაც შეილახა მისი ავტორიტეტი და რეპუტაცია.
ქართულმა მხარემ გამოთქვა წუხილი, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისზე (OSCE/ODIHR) აღნიშნულ თავდასხმებს არ მოჰყვა სათანადო რეაგირება ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან.
შეხვედრის ბოლოს, ელჩმა გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან კონსტრუქციულ ფორმატში“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.